შსს-ს შენობა

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილი პოლიციელი ქვეყნის დატოვებას რუსეთის მიმართულებით აპირებდა

148
თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მან უწყების რიგები 2018 წელს დატოვა.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 27 წლის ყოფილი პოლიციელი გიორგი მენაბდიშვილი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული კასპში, ქვის სამტვრევი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

„რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც შსს-ს რიგები 2018 წელს დატოვა, „იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული“.

„მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, მენაბდიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს თითქოსდა მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის გამოკითხეს და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

„ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია“, - განაცხადა ბორცვაძემ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 

148
პოლიცია თელავში

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს

8
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა. ის სახლიდან იყო წასული

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 27 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მის ვაჟს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან უნივერსიტეტში აკადემიური აიღო. ის რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან იყო წასული და მას ოჯახი ვერ უკავშირდებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

8
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

31
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

31