ქირურგიული ოპერაცია

პიროტექნიკამ ახალგაზრდა მამაკაცს თითი მოაგლიჯა: ოპერაცია წარმატებული გამოდგა

73
(განახლებულია 21:54 14.01.2021)
პიროტექნიკით დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ძველით ახალი წლის ღამით პიროტექნიკით დაშავებულ ახალგაზრდას თითის აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა, განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩადუნელმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

ძველით ახალი წლის ღამით თბილისში პიროტექნიკისგან დაშავებულებმა დამწვრობის ცენტრსაც მიმართეს — ექვსი პაციენტიდან ოთხი ბავშვი იყო. დაზიანებები მათ ძირითადად მარჯვენა ხელისა და სახის არეში აღენიშნებოდათ.

„ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა იყო მძიმე. პაციენტს თითი ჰქონდა მოგლეჯილი, რომელიც კანის ნაწილით იყო დაკიდებული თითის სხვა ნაწილზე. დროული იყო მომართვიანობა და ადეკვატური ჩარევის შედეგად თითის მთლიანობა აღდგა. პრაქტიკულად ყველა ქსოვილი აღდგა და პაციენტს თითი გადაურჩა“, — აცხადებს ნიკოლოზ ჩადუნელი.

მანამდე საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული 36 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. სულ 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ღამით სასწრაფო დახმარება 51-ჯერ გამოიძახეს. მარტო თბილისში 27 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რეგიონებში კი 15 დაშავებულიდან ცხრას დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

 

73
პატიმარი

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილმა პოლიციელმა შიმშილობა დაიწყო

79
ყოფილი პოლიციელი ახლა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.  

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ 27 წლის გიორგი მენაბდიშვილს ბრალი რამდენიმე საათში უნდა წაუყენონ, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.

შაბათს დილით შეიარაღებული პირი ქვის საამქროში შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა. დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უწყება 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით.

ბიზნეს წილების გაყოფასთან დაკავშირებულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ქვის სამტეხლოს მეპატრონე. ის ირწმუნება, რომ საწარმო მისი საკუთრებაა და წილი სხვა პირს, მათ შორის არც დაკავებულს არ ჰქონია.

თავად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა, დუმილის უფლებას იყენებს.

ყოფილი პოლიციელი ამჟამად გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის, ქეთევან გაგლოშვილის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.  

ქვის სამტეხლოში კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციამ საწარმოს თანამშრომლები უკვე დაკითხა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

79
საპატრულო პოლიცია

პანკისის ხეობაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

126
(განახლებულია 20:15 17.01.2021)
ადგილობრივების ცნობით, მოკლული მამაკაციც და მისი სავარაუდო მკვლელიც მეზობლები იყვნენ. მკვლელობას წინ თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა. იუწყება პირველი არხი.

მკვლელობა პანკისის ხეობაში დღეს მოდა. მოკლული 40 წლამდე მამაკაცაია.

მკვლელობას წინ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები და ახლობლები იყვნენ. ადგილობრივები მათ შორის რაიმე უთანხმოებას ვერ იხსენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

126
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

მალე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს „ახალმოსახლეობა“ აღინიშნება

0
(განახლებულია 11:15 18.01.2021)
ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი შენობა იყიდეს ინფექციური საავადმყოფოსთვის, მაგრამ პირობას დებს, რომ მალე მის პრეზენტაციას გამართავს

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ახალი შენობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის უკვე ნაყიდია და კლინიკის ექიმები პირველი პაციენტების მიღებას უკვე წლის ბოლოს შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის ჟესტი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა>>

„ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა-ნაგებობა შეძენილია და იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის ის იქნება ისე აღჭურვილი, რომ პაციენტების ახალ შენობაში მიღებას შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო კლინიკების ინტენსიური გაძლიერება დაიწყო. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ამ სისტემის მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო, პანდემიამდე 96 საწოლი ჰქონდა. ამ კლინიკის განახლება უკვე დასრულდებულია და მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს განახლება და აღჭურვა, ასევე ჩხობაძის საავადმყოფოსი ქუთაისში.

საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაძენად გასულ წელს 40 მლნ ლარი გამოყო.

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებული იყო, ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩენილიყო.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფო საყოველათაო ყურადღების ცენტრშია. მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და კვლავ წამყვანია COVID-19–ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის საქმეში, თუმცა მედპერსონალს ამორტიზებული შენობის მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

0