საპატრულო პოლიცია

დაკავებულია მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული: შსს ვიდეოს ავრცელებს

76
(განახლებულია 13:29 10.01.2021)
მამაკაცი, რომელმაც მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი,  10 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი მამაკაცი - 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.  დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი დადავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

შსს-ში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

76
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1247)
დაკავება

ფოთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

23
ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23
ბათუმის საქალაქო სასამართლო

აქტივისტ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

21
(განახლებულია 19:39 26.01.2021)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტს ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია". 

ირაკლი ფანგანი პოლიციამ 24 იანვარს ორგანიზაციის ოფისში დააკავა. აქტივისტმა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

საქართველოს პროკურატურამ აქტივისტს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გუშინ, 25 იანვარს გათავისუფლდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ დასახელებული თანხის რაოდენობა შემცირდა და 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, ფანგანი კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან.

„თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 თებერვალს დაიგეგმა.

 

21
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

28
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

28