საკანი

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

71
(განახლებულია 18:55 08.01.2021)
საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება საფინანსო დაწესებულების კლიენტების მონაცემების მოპარვა, რომელიც ისტორიაში უდიდესი გახდა.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ნიუ-იორკის სასამართლომ საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს ანდრეი ტიურინს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით. 

აშშ-ის ხელისუფლება ტიურინს ბრალს სდებს აშშ-ის ტერიტორიაზე საფინანსო დაწესებულებების, საინფორმაციო სააგენტოების, საბროკერო კანტორების სისტემების გატეხვის მცდელობებში და კიბერშეტევებში ამერიკულ და უცხოურ კომპანიებზე. საუბარია აშშ-ის საფინანსო დაწესებულებების კლიენტთა მონაცემების მოპარვაზე, რომელიც ისტორიაში უდიდესი გახდა.

ნიუ-იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუს ჰაკერს ანდრეი ტიურინს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მლნ დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბრალდება ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქის თანამზრახველი ისრაელის მოქალაქე გერი შალონია. შალონიც დაკავებულია, მისი აშშ-ში ექსტრადირება 2015 წელს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თანამზრახველებმა მილიონობით დოლარი უკანონოდ მიითვისეს.

საქართველოში ტიურინი აშშ-ის მოთხოვნით 2017 წლის დეკემბერში დააკავეს და წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მოათავსეს. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიურინის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

71
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულს სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს

27
(განახლებულია 18:37 18.01.2021)
ყოფილი პოლიციელის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და დუმილის უფლებას კვლავ იყენებს

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. კასპში მძევლების აყვანისას ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილის ქცევასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად შეეძლო მას თავისი მოქმედებების გაცნობიერება დანაშაულის ჩადენის დროს, სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილმა პოლიციელმა შიმშილობა დაიწყო>>

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქმეზე მრავალი საგამოძიებო და პროცესუალური მოქმედება ჩატარდა.

მენაბდიშვილს დღეს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე.

პროკურატურამ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ბრალდებულის ადვოკატის ქეთევან გაგოევას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალზე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.

მენაბდიშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამასთან, ბრალდებულის დედის თამარ მენაბდიშვილის განცხადებით, მან დახმარებისთვის ომბუდსმენის წარმომადგენელს მიმართა. ის დახმარებას ასევე მოსახლეობასაც სთხოვს და აღნიშნავს, რომ მისი შვილი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისიც საჭიროა, რომ დადგინდეს, რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. ეს კი დაუცველობის გრძნობაა. ერთი მხრივ, ის კრიმინალურ სამყაროს შეეჯახა და მეორე მხრივ – სამართალდამცველების გულგრილობას, აღნიშნავს თამარ მენაბდიშვილი.

ომბუდსმენის მოადგილემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ისნი არსებული კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდებიან პროცესს და ამ საქმეზე ინფორმაციას გამოითხოვენ.

შაბათ დილით 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი, ყოფილი პოლიციელი ქვის საამქროში შეიჭრა, რომლის წილსაც თვითონაც ფლობდა, და ორი პირი მძევლად აიყვანა.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით. სასოწარკვეთილმა მენაბდიშვილმა მძევლების აყვანით გადაწყვიტა არსებული საკითხის გადაჭრა.

ახალგაზრდას საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა. ექვსსაათიანი მოლაპარაკებების  შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ხელმძღვანელობდა.

27
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მშრალტვირთი

თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირულმა გემმა საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა

142
(განახლებულია 17:15 18.01.2021)
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემის ეკიპაჟი უკრაინის 10 და რუსეთის ორი მოქალაქისგან შედგებოდა. გემის ჩაძირვისას ორი მეზღვაური დაიღუპა, ექვსის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენების ძებნა გრძელდება.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. თურქეთის პროვინცია ბართინის სანაპიროზე ჩაძირულმა მშრალტვირთმზიდმა Arvin, რომელიც ბულგარეთში მიდიოდა, საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრეს-სამსახურში.

მათი ინფორმაციით, გემის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა. 10 უკრაინის მოქალაქე იყო, ხოლო ორი – რუსეთის.

„გემი საქართველოს სანაპიროს თურქეთიდან 30 დეკემბერს მოადგა. უკვე 2 იანვარს ფოთის პორტი დატოვა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ბულგარეთის ბურგასის პორტში მიდიოდა, ხოლო 15 იანვარს თურქეთის სანაპიროსთან რეიდზე იდგა“, – განაცხადეს პრეს-ცენტრში.

სააგენტოს ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. ცნობილია, რომ გემი პალაუს დროშით ცურავდა.

ბოლო ინფორმაციით, მოხერხდა ექვსი მეზღვაურის გადარჩენა, ორი დაიღუპა. ეკიპაჟის სხვა წევრების ძებნა გრძელდება.

142
თემები:
შემთხვევები საქართველოში
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0