ხანძარი სამეგრელოში

სამეგრელოში ხანძრის ქრობა გრძელდება დარჩა ათი კერა

218
(განახლებულია 17:45 05.01.2021)
ცეცხლთან ბრძოლას განაგრძობენ როგორც სამეგრელო–ზემო სვანეთის მეხანძრე-მაშველები, ასევე თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის სამაშველო ჯგუფები.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში 40 აქტიური მინდვრის ხანძრიდან უმეტესობა – 28 კერა ლიკვიდირებულია, ლოკალიზებულია ორი. ამ დროისათვის დარჩენილია 10 კერა, რომლებზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, გრძელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დავითიანსა და ბაღმარანში, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სქურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. უწყების ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

სამეგრელოში გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხანძრის ათეულობით კერა დაფიქსირდა. თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მალევე კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე გავრცელდა, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხანძარია>>

სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90-კაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობას ასახელებენ.

ნიკა ლატარია

218
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2029)
ღვთისმშობლის ტაძარი. 1896 წელი

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი აღმოფხვრილია

39
(განახლებულია 21:22 15.01.2021)
მომხდარი იყო პროვოკაცია და სოფლის მოსახლეობამ ძველებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძოს, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მონაწილეების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში მეჩეთის აშენებას აპირებენ, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და უწინდებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძონ.

„ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

ორი დღის წინ მომხდარი პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმი თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.

 

39
საპატრულო პოლიცია

თბილისის ზღვაზე მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

93
(განახლებულია 20:48 15.01.2021)
ბრალდებულმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაპირისპირებას წინ უძღოდა შელაპარაკება.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

93
თბილისის ცარიელი ქუჩები

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა კორონავირუსთან ბრძოლაში - ახალი რეიტინგი

0
(განახლებულია 08:58 16.01.2021)
ექსპერტებმა შეაფასეს 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური ღონისძიებების მიხედვით საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა, ამას აჩვენებს ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი.

უნივერსიტეტმა შეაფასა 183 ქვეყანა 19 ინდიკატორით - მათ შორისაა მთავრობის მოქმედებები, დახმარება მოსახლეობას და ჯანდაცვის სისტემის მუშაობა.

რეიტინგის მიხედვით, საქართველო იკავებს მე-10 ადგილს და მას საბერძნეთსა და ნიდერლანდებს შორის იყოფს.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასეთია: ზიმბაბვე, ვენესუელა, აზერბაიჯანი, იტალია და ჰონდურასი. ბოლო ადგილზეა მაკაო, ნიკარაგუა, ტანზანია, ტაივანი და ბოლივია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 245 789-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 229 196 ადამიანი, გარდაიცვალა 2 893 პაციენტი.

0