სასწრაფო დახმარება

ლაგოდეხში ავარიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

384
(განახლებულია 22:44 04.01.2021)
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.

ავტოავარია დღეს საღამოს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ავარიის შედეგად ასევე დაშავდა ორი ადამიანი – დაშავებულები „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა ლაგოდეხის ,,არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

384
პატიმარი

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილმა პოლიციელმა შიმშილობა დაიწყო

79
ყოფილი პოლიციელი ახლა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.  

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ 27 წლის გიორგი მენაბდიშვილს ბრალი რამდენიმე საათში უნდა წაუყენონ, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.

შაბათს დილით შეიარაღებული პირი ქვის საამქროში შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა. დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უწყება 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მენაბდიშვილს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. მათი თქმით, იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით.

ბიზნეს წილების გაყოფასთან დაკავშირებულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ქვის სამტეხლოს მეპატრონე. ის ირწმუნება, რომ საწარმო მისი საკუთრებაა და წილი სხვა პირს, მათ შორის არც დაკავებულს არ ჰქონია.

თავად ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში საწარმოს ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით ჩაკეტილი ჰყავდა და ავტომანქანით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვდა, დუმილის უფლებას იყენებს.

ყოფილი პოლიციელი ამჟამად გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი ადვოკატის, ქეთევან გაგლოშვილის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტებზეც.  

ქვის სამტეხლოში კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციამ საწარმოს თანამშრომლები უკვე დაკითხა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

79
საპატრულო პოლიცია

პანკისის ხეობაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

126
(განახლებულია 20:15 17.01.2021)
ადგილობრივების ცნობით, მოკლული მამაკაციც და მისი სავარაუდო მკვლელიც მეზობლები იყვნენ. მკვლელობას წინ თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა. იუწყება პირველი არხი.

მკვლელობა პანკისის ხეობაში დღეს მოდა. მოკლული 40 წლამდე მამაკაცაია.

მკვლელობას წინ მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები და ახლობლები იყვნენ. ადგილობრივები მათ შორის რაიმე უთანხმოებას ვერ იხსენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

126
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 11:13 18.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.107 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  121 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 986  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები