სეისმოგრაფი

საქართველოს საზღვართან ერთ დღეში მეორე მიწისძვრა მოხდა

100
(განახლებულია 22:38 13.12.2020)
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვართან მიწისძვრა წუხელ ღამითაც მოხდა. 5.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე დაფიქსირდა.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზღვართან 58 კილომეტრში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თბილისის დროით 15:34 საათზე 4,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ბიძგები 14 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვართან მიწისძვრა წუხელ ღამითაც მოხდა. 5.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე საქართველოს საზღვართან 50 კილომეტრში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

100
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2030)
საპროტესტო აქცია ExpoGeoriga-სთან

Expo Georgia-სთან აქციაზე დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

7
(განახლებულია 17:48 16.01.2021)
სამართალდამცველებმა აქციის ცხრა მონაწილე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-სთან აქციაზე დაკავებული ცხრავე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება პირველი არხი.

Expo Georgia-სთან, სადაც დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა ჩატარდა, მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტებმა  საპროტესტო აქცია გამართეს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ცხრა პირი დააკავეს.

დღეს „ქართული ოცნებამ“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე (ირაკლი კობახიძე) და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩია. პარტიის განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.

7
შსს-ს შენობა

კასპში მძევლების აყვანა: ყოფილი პოლიციელი ქვეყნის დატოვებას რუსეთის მიმართულებით აპირებდა

77
თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მან უწყების რიგები 2018 წელს დატოვა.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 27 წლის ყოფილი პოლიციელი გიორგი მენაბდიშვილი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებული კასპში, ქვის სამტვრევი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

„რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც შსს-ს რიგები 2018 წელს დატოვა, „იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული“.

„მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. ასევე რამდენიმე დღის უკან, მან მოგვმართა განცხადებით, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა გარკვეულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, მენაბდიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს თითქოსდა მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის გამოკითხეს და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

„ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია“, - განაცხადა ბორცვაძემ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 

77
სოციალური ქსელები

Facebook-მა სიტყვა გატეხა: ტრამპის გვერდები განბლოკილია

0
(განახლებულია 18:05 16.01.2021)
მანამდე გავრცელდა განცხადება, რომ მოქმედ პრეზიდენტს თავის სოციალურ ქსელებთან წვდომა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვამდე არ ექნება

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქაუნტები სოციალურ ქსელ Facebook-სა და Instagram-ზე აღდგენილია.

Facebook-ის აკაუნტიდან წაშლილია ყველა ბოლო პოსტი, რადგან ისინი, სოციალური ქსელის ადმინისტრაციის თვალსაზრისით, საპროტესტო აქციების წამომწყებებისადმი ტრამპის სიმპათიებს გამოხატავენ.

მანამდე გავრცელდა განცხადება, რომ ტრამპს თავის სოციალურ ქსელებთან წვდომა პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვამდე არ ექნება. მარკ ცუკერბერგის თქმით, არსებობს დიდი რისკები იმისა, რომ ტრამპი თავის პროფილებს სოციალურ ქსელებში მხარდამჭერებისადმი მიმართვისთვის გამოიყენებს.

6 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიტინგის შემდეგ კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელები კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს. პროტესტების დროს ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ამ მოვლენების დროს კიდევ სამი პირი დაიღუპა, თუმცა ეს არეულობებს არ უკავშირდება.  ამის შემდეგ ტრამპი სოციალურ ქსელებში დაბლოკეს. მისი გვერდი Twitter-ში კვლავ დაბლოკილია.

0