გაზქურა

საქართველოს ორი რეგიონი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

94
(განახლებულია 14:43 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

94
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2036)
ხეობა ზამთარში

მაშველებმა დუშეთში 80 მეტრიან ხევში გადავარდნილი 21 წლის ბიჭი გადაარჩინეს

56
დაშავებული მამაკაცი ამ დროისთვის სტაციონარშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიჩოში სამართალდამცველებმა ხევში გადავარდნილი მამაკაცი გადაარჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცი სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ოჯახი ვერ ახერხებდა მასთან ტელეფონით დაკავშირებას, რის შემდეგაც დასახმარებლად სამართალდამცველებს მიმართეს.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დაკარგულს სოფლების დამაკავშირებელ გზებზე ეძებდნენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს  რთული რელიეფი და დიდთოვლობა აფერხებდა. ტერიტორიაზე გადაადგილება ტრანსპორტის საშუალებით შეუძლებელი იყო, ამიტომ მეხანძრე-მაშველები პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერაციას ქვეითად ახორციელებდნენ.

მაშველებმა დაკარგული მამაკაცი 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდნილი იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები.

მეხანძრე-მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ხევიდან ამოიყვანეს და სამანქანო გზამდე, დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე საკაცის საშუალებით გამოიყვანეს.

ამ დროისთვის დაშავებული სტაციონარშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურსს გადის.

56
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

26
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 100 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე  664  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

26
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

0
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0