საპატრულო პოლიცია

დაჭრილი მონადირე, რომელიც მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

104
მამაკაცმა „112“-ში თვითონ დარეკა, მაგრამ მას იმდენად ღრმა ჭრილობა ჰქონდა, რომ ის ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დილის საათებში მოხდა. დაჭრილმა „112“-ში თავად დარეკა.

სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მაშველთა ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო,  თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი ტყიდან საკაცის საშუალებით ფეხით გამოჰყავდათ, თუმცა მონადირე  გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ  გარდაცვლილი მამაკაცის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე.

62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ნიკა ლატარია

 

104
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2038)
ბათუმის საქალაქო სასამართლო

აქტივისტ ირაკლი ფანგანს გირაო შეეფარდა

21
(განახლებულია 19:39 26.01.2021)
საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტს ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია". 

ირაკლი ფანგანი პოლიციამ 24 იანვარს ორგანიზაციის ოფისში დააკავა. აქტივისტმა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ 23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

საქართველოს პროკურატურამ აქტივისტს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გუშინ, 25 იანვარს გათავისუფლდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ დასახელებული თანხის რაოდენობა შემცირდა და 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. გარდა ამისა, ფანგანი კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან.

„თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ირაკლი ჩავლეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 თებერვალს დაიგეგმა.

 

21
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს

44
(განახლებულია 16:30 26.01.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში პოლიციის ეკიპაჟმა 40 და 41 წლის ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით შეაჩერა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

44
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ჯადოქარი უშბა

ქართველ ალპინისტს ლადო გურჩიანს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

0
ლადო გურჩიანმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ალპინიზმსა და მეკლდეურობას. მან ახალგაზრდა სპორტსმენების არაერთი თაობა აღზარდა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება ­- „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.

გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.

გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.

საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.

„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.

0