ბახმაროში უამინდობის გამო 50-მდე მანქანაა ჩარჩენილი

გამოწერა
ჩოხატაურის მერის განცხადებით, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ტექნიკით არის ნებადართული. მოქალაქეები კი კურორტზე, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, „სედანის" ტიპის ავტომობილებით ავიდნენ.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჩოხატაური–ბახმაროს საავტომობილო გზაზე, რომელიც უამინდობის გამო ჩაიკეტა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოსტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია>>

კუჭავას თქმით, ამ დროისათვის კურორტზე დაახლოებით 50 მანქანა და 150-200 ადამიანია ჩარჩენილი.

„გუშინ და გუშინწინ ჩვენი თანამოქალაქეები, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მაინც ავიდნენ კურორტზე. ისინი ბახმაროში მოუმზადებელი სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის „სედანის“ ტიპის ავტომობილებით არიან ასული და დიდთოვლობის გამო უკან ვერ ჩამოდიან“, – აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

მერის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ტექნიკით არის ნებადართული.

„თოვა კურორტზე წუხელ დაიწყო და თოვლის საფარი ამ დროისათვის 45 სანტიმეტრს აღწევს. რამდენიმე საათში შეიძლება დავიწყოთ უკვე ბახმაროდან ადამიანების ჩამოყვანა, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო“, – თქვა კუჭავამ.

თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება: საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება>>

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩოხატაურიდან ბახმაროსკენ მიმავალი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი, რათა  გაწმენდითი სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.

ყველა ახალი ამბავი
0