მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს ბრალი წარედგინა

გამოწერა
ლევან ზურაბიშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 144-ე მუხლით, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა

თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს ბრალი მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე წარუდგინა.

მძევლების აყვანა მიკრისაფინანსო ორგანიზაციაში წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თავდამსხმელი წერილს ავრცელებს: ჩემი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა

გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლევან ზურაბაშვილი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მოლაპარაკების შედეგად სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს, 31 წლის თავდამსხმელი კი დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც მას ხელში ჰქონდა, სინამდვილეში სანთებელა ყოფილა. თავად ზურაბიშვილმა კი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც მძევლებსა და მათ ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის და საკუთარი საქციელის მიზეზებსა და მიზნებს აღწერს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება აღიძრა სსკ-ის 144-ე და 236-ე მუხლებით, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. 

ბრალის წარდგენის შემდეგ გამოძიება 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გაგრძელდება. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0