თბილისის საქალაქო სასამართლო

ბაჩალიაშვილის საქმე: სკანდალური ფოტოების გამომგზავნი საპატიმროდან გაათავისუფლეს

144
(განახლებულია 15:07 22.11.2020)
ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა მისი სტაციონარში გადაყვანა. გირაოს შეაფარდების გარდა, მას ჩამოერთვა პასპორტი და ქვეყნის დატოვება აეკრძალა

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა დავით ფურცხვანიძე, რომელსაც ბრალად ედება გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის სამხილების გაყალბება და კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა, იუწყება პირველი არხი.

ფურცხვანიძე სექტემბრის ბოლოს დააკავეს. ის იყო დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის წყარო. საუბარია ე.წ. სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც რამიშვილმა გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც 19–22 ივლისითაა დათარიღებული, ჩანს, რომ გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე არ იდგა, სადაც გარდაცვლილი 22 ივლისს აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რადგან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, დავით ფურცხვანიძის საქმის არსებითი განხილვა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურამ დაადგინა, რომ ფურცხვანიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისულ ცენტრს“, საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და დაფინანსების მიღების მიზნით გააყალბა მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა ოჯახის ვერსიას იმის შესახებ, რომ დაღუპული გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე იმ დღეს მიიყვანეს, როცა გარდაცვლილი იპოვეს.

ბრალდების ვერსიით, ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 7 სექტემბერს დავით ფურცხვანიძემ სოციალურ ქსელ „სკაიპის” მეშვეობით მიიღო პროგრამა zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები და განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება.

ამ მიზნით ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა თავის შვილს და სთხოვა დაემუშავებინა ისე, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. 

დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ WhatsApp-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით.

დაკითხვისას ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ ეს ფოტოები ავთენტურია, თუმცა ექსპერტიზამ მათი გაყალბების ფაქტი დაადგინა.

ახლა მას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

144
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)
დაკავება

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს - ვიდეო

30
(განახლებულია 10:20 28.11.2020)
დაკავებულმა თანამზრახველებთან ერთად შვეიცარიის ტერიტორიაზე 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა და გაასაღა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი 48 წლის პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა.

დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

30
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა დაიღუპა სამი ახალგაზრდა ქალი

86
ავტომობილი მდინარეში 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მცხეთაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილი 30 მეტრი სიმაღლიდან მტკვარში გადავარდა. სახანძრო–სამაშველო ძალების დახმარებით მდინარიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

„რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ექვსკაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

86
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: „ვინმემ გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს...“

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტილების მიღება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას უაღრესად რთული ეპიდვითარება მოითხოვდა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები უკვე კატასტროფულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გადაცემაში საუბრისას იმ ადამიანთა ჯგუფებზე ისაუბრა, ვისაც კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერათ და ამის აგიტაციას საჯაროდ ახდენენ.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყუილია, კორონა არაფერია და მსუბუქი გრიპია. მგონია რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიას ეწევიან და ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაბორატორიულ შეცდომებსა და ტესტირების მხრივ არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მან ღიად აღნიშნა, რომ მედიცინაში გარანტირებული არაფერია და ტესტირების დროს ხდება ცდომილებები, რაც ნაწილობრივ მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

პაატა იმნაძემ კოვიდინფექციის მუტაციაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა, ხოლო ვირუსის აგრესიულობისა და ლეტალობის შემცირება სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იმუნოლოგი ასევე თვითმკურნალობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევებსაც შეეხო. იმნაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიობიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს უზამს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კომენტარი გააკეთა გადაცემის წამყვანის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ მოვიდა ქვეყანა ამ ვითარებამდე.

„ვიდრე დედამიწაზე პანდემიაა, საქართველოში ვერავინ ვერ გააჩერებს ბოლომდე კორონას. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, რომ რიცხვები ასეთი კატასტროფული არ იქნებოდა, რაზეც დღეს გასულები ვართ. თითქმის 5 000 რეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში ახლა 10 000 მაინც არის, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რადგან 5 000 არის, რაც ჩვენ დავადასტურეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად ინფიცირების რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში