ნიკა მელია

გლდანში ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

73
(განახლებულია 17:10 16.11.2020)
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოფისზე თავდასხმა დღეს მოხდა, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. გლდანში ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დაახლოებით 08:00 საათისთვის უცნობმა პირებმა ოფისის შუშები ქვებით ჩაამტვრიეს და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდეს. ოფისის ნაწილი დამწვარია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

73
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1951)
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

34
(განახლებულია 17:18 24.11.2020)
აჭარის მასშტაბით პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს მედიკოსთა კორონავირუსით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი 55 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

55 წლის მამაკაცს ინფექცია 19 ნოემბერს დაუდასტურდა, ხოლო 20 ნოემბერს ის კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკის მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, ექიმს თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„ის ინფიცირებულებთან არ მუშაობდა, იყო თერაპიული განყოფილების გამგე. ჰქონდა გულის თანხმლები დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და, სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახსა და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 ნოემბერს ასევე გარდაიცვალა 62 წლის ექიმი. მას ფილტვის არტერიის სტენოზი აღენიშნებოდა.

დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 206 პაციენტი მკურნალობს. აქედან 45 კოვიდ-ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ცხრა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ყოველდღიურად დაახლოებით 3–4 ათასი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების შემთხვევებმა 111 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1051 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

34
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბახმარო ზამთარში

ბახმაროს გზა გაიხსნა

32
(განახლებულია 16:52 24.11.2020)
200-ზე მეტი დამსვენებლისთვის, რომლებიც ინტენსიური თოვის გამო მაღალმთიან კურორტ ბახმაროში ჩარჩნენ, „თოვლის ტყვეობა“ დასრულდა – გზა გაწმენდილია.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა კურორტ ბახმაროს მიმართულებით აღდგენილია – თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა, ნათქვამია გურიის რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო ჩოხატაური–ბახმაროს საავტომობილო გზის 34–56 კმ მონაკვეთზე მოძრაობა 18 ნოემბრიდან აკრძალული იყო.

ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას განცხადებით, ბახმაროში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ასეთი ვითარების გამო უკან ვერ ბრუნდებოდნენ.

კუჭავას განცხადებით, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამჟამად გზა უკვე გაწმენდილია და გადაადგილების პრობლემა აღარ არის. ბახმაროში ჩარჩენილებს კურორტიდან წასვლა უკვე შეუძლიათ.

ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო დეპარტამენტის, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურისა და გურიის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები.

32
თემები:
უამინდობა საქართველოში
მანდარინი

საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

0
საქართველოში მოყვანილი მანდარინი ექსპორტზე ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წელს მოსავალი უხვი არ არის, მაგრამ ხარისხიანია

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოში მოყვანილი მანდარინი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. გარდა ამისა, ექსპორტი ასევე განხორციელდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. 

უწყების ცნობით, მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს შესაბამისი შტაბი.

არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი, მართალია, უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა