მცხეთის რეგიონული სასამართლო

შაქარაშვილის საქმე: სასამართლომ არასრულწლოვან ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა

112
(განახლებულია 19:24 13.11.2020)
მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხი შაქარაშვილის მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდებში იყო ბრალდებული, ხოლო ორი – მის მკვლელობაში.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვანი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მცხეთის სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ექვსიდან სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ერთი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, ხოლო დანარჩენი ორი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

კონკრეტულად რა სასჯელი შეეფარდა თითოეულს, ეს 20 ნოემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი.

განსასჯელთა სკამზე მჯდომი ექვსი არასრულწლოვნიდან ოთხი შაქარაშვილის მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდებში იყო ბრალდებული, ხოლო ორი – მის მკვლელობაში. მათ ბრალად ედებოდათ ასევე საქმის მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, თავისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს მანქანაში და თბილისში წაიყვანეს.

შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენებს – ჯგუფური ძალადობა. პროცესების ნაწილი დახურულ რეჟიმში იმართება, რადგან დაკავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავეა – საქმის პროკურორი>>

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

112
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (84)
დაკავება

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს - ვიდეო

24
(განახლებულია 10:20 28.11.2020)
დაკავებულმა თანამზრახველებთან ერთად შვეიცარიის ტერიტორიაზე 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა და გაასაღა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი 48 წლის პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა.

დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

24
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სამაშველო ოპერაცია მდინარეზე

მცხეთაში ავტომობილი მტკვარში გადავარდა დაიღუპა სამი ახალგაზრდა ქალი

82
ავტომობილი მდინარეში 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მცხეთაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილი 30 მეტრი სიმაღლიდან მტკვარში გადავარდა. სახანძრო–სამაშველო ძალების დახმარებით მდინარიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ქალია.

„რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ექვსკაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

82
თემები:
შემთხვევები საქართველოში
გამვლელები პირბადეებით

პლუს 34: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 195-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4058), კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 286 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 844 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში