ფეხბურთი. ლევან კობიაშვილი ლეგენდების ტურნირზე თბილისში

ხმაური სფფ-სთან: აქციის მონაწილეები ფედერაციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

61
(განახლებულია 17:07 13.11.2020)
მომიტინგეების პროტესტი საქართველო–ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრებამ გამოიწვია. აღნიშნული შეხვედრა კოვიდ–რეგულაციების გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტის მიზეზი გუშინდელ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის გამო საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას გულშემატკივარი არ დაესწრო.

აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად მაყურებლის გარეშე ჩატარებული მატჩისა, ტრიბუნებზე ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, კერძოდ, თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მომიტინგეები ფედერაციაში შესვლას ითხოვდნენ, რათა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილისთვის სიმბოლურად წითელი ბარათი და წიგნი გადაეცათ.

„გვინდოდა წიგნის ჩაბარება ფედერაციაში და გვითხრეს, დაკეტილიაო. ფედერაცია არის დაკეტილი, რომელსაც ქართველი ხალხი ვაფინანსებთ და ვალდებულები არიან, რომ ღია იყოს და იმუშაოს", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა აქციის მონაწილეების შენობაში შესვლის მცდელობას მოჰყვა. მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მყოფი პირები დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებიც.

ფედერაციასთან მომხდარ დაპირისპირებაში ვეტერანი ფეხბურთელი და ფედერაციის თანამშრომელი ლევან ცქიტიშვილიც მონაწილეობდა. მისი თქმით, მომიტინგეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოირჩეოდნენ.

„ცუდად იქცევიან და იგინებიან, ჩვენც ქართველები ვართ და ვერ ავიტანთ გინებას, მოსახვედრს მოხვდა, ვისაც საჭირო იყო", – განაცხადა ლევან ცქიტიშვილმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა 12 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გამო მაყურებლის გარეშე გაიმართა. მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

61
თემები:
სპორტის ამბები (944)
დაკავება

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი შსს–ს თანამშრომელმა დააყაჩაღა

29
(განახლებულია 17:13 03.12.2020)
ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს–ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული „ექსპრეს–ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული  დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

29
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ხელბორკილები

პოლიციამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავა

31
თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმა პირველ დეკემბერს მოხდა. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა მიმღების სალაროდან 3500 ლარი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის არიან ნასამართლევი. გამოძებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ თავამსხმელებმა ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომლის მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც მიმღების შესასვლელი კარის მინა დაზიანდა. მათ მიმღები განყოფილების სალაროდან 3500 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყაჩაღობაში მონაწილე პირები შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31
თემები:
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს ნაკრების მატჩი შოტლანდიასთან რაგბიში

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ

0
(განახლებულია 17:26 03.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფიჯისთან გასამართი მატჩის წინ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე  ვერ დაეხმარება.

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 5 დეკემბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მიღებული ტრავმების გამო მატჩს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე გამოტოვებენ. გარკვეული ცვლილებებია ასევე სათადარიგოთა შემადგენლობაშიც. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორგაძეს ჯვარედინი იოგები და მყესი აქვს დაზიანებული.

ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან დაპირისპირებამდე სასტარტო შემადგენლობასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ბორჯღალოსნები“ დუბლინში მაქსიმალურად გამოცდილი და ძლიერი შემადგენლობით წარდგებიან.

„სელექციისას გავითვალისწინეთ მიკროტრავმები და სტატისტიკური მდგომარეობა. ბიჭებს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად ვაკვირდებოდით. რამდენიმე პოზიციაზე ისეთი კონკურენციაა, რომ არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა ასევე ნაკრების სუსტ მხარეებსა და შესაძლო ტაქტიკურ სვლებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „შემოდგომის ერთა თასის“ სამივე შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს. მაისაშვილი ამის მიზეზებზეც ისაუბრა:

„ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ჩართვა გვიჭირს, დებიუტშივე შეცდომებზე გვიჭერენ და უპირატესობას ხელიდან არ უშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის მართვა დახვეწის პროცესშია. ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური მომზადება, ამ მხრივ გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთლიანობაში შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე“, - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

  • ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (29 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (6 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (28 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (70 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (88 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (19 კეპი, 109 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (55 კეპი, 40 ქულა);
  • შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (65 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (77 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (5 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (65 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (28 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (16 კეპი, 5 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (3 კეპი);
  • მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (61 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (17 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (21 კეპი, 5 ქულა), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (4 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (11 კეპი, 10 ქულა); 21. გელა აფრასიძე (28 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (1 კეპი).

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისთან და უელსთან ჩვენი გუნდი 0 ქულით დამარცხდა, ხოლო ირლანდიასთან მატჩში მეტოქეთა მოგროვებულ 23 ქულას გიორგი კვესელაძემ ერთი დადებული ლელოთი უპასუხა. თავის მხრივ აღნიშნულ შეხვედრაში წვლილი შეიტანა თედო აბჟანდაძემაც და ნაკრებს ზუსტად შესრულებული გარდასახვისა და საჯარიმო დარტყმის შედეგად ხუთი ქულა მოუტანა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის შაბათს, 5 დეკემბერს საქართველოს დროით 16:00 საათზე დუბლინში დაუპირისპირდება.

0
თემები:
სპორტის ამბები (944)