ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ვერ მოხერხდა – მკვლელობაში ბრალდებული კობიაშვილი თავისუფალია

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის პროცესზე გორის რაიონულ სასამართლოში საკმარისი რაოდენობის ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი თავისუფალია, იუწყება ქართული მასმედია.

შემთხვევა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, გუდაურის ახალ დასახლებაში კობიაშვილმა სრულიად უმიზეზოდ 19 წლის მ.უ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის დარტყმებით დაზიანებები მიაყენა. ნაცემმა მ.უ.-მ კი დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც კობიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კობიაშვილმა შურისძიების მოტივით ერთი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ერთი კი დაჭრა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მკვლელობა გუდაურში: ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პირს გირაო შეუფარდეს

დღეს, 12 ნოემბერს გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ბრალდებულის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ვერ მოხერხდა საკმარისი რაოდენობის ნაფიცი მსაჯულების შერჩევა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა საქმის არსებითი განხილვისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა გაგრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით ოთხი პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესების განმავლობაში შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუზუსტდა>>

მერაბ კობიაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0