პაციენტი კლინიკაში

გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც ბათუმის კლინიკის მესამე სართულიდან გადმოვარდა

43
(განახლებულია 15:16 12.11.2020)
პაციენტს ნეკნებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ამასთან გადმოვარდნის შედეგად ჰქონდა სისხლჩაქცევები მუცლის ღრუში.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 73 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიგა კიკაბიძემ „პირველ არხთან“ დაადასტურა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს. მამაკაცს პნევმონია აღენიშნებოდა და მკურნალობას ექვემდებარებოდა.

„შემთხვევის დროს პალატაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა. პაციენტის შვილი ჩვენი თანამშრომელია. ისიც კოვიდ-ინფიცირებულია და მამას ის მეთვალყურეობდა. გადმოვარდნის შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში შევიყვანეთ და ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა მძიმე იყო“, – განაცხადა კიკაბიძემ.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცს გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის, აგრეთვე მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ასევე ჰქონდა მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები.

შემთხვევა გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა. კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი კლინიკის მესამე სართულიდან გადავარდა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შემთხვევის მიზეზი უცნობია.

43
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1951)
პოლიციის განყოფილება

დაჭრა გლდანის „კარფურში“: ცნობილია საქმის ახალი დეტალები

50
დაკავებულ მამაკაცს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 44 წლის მამაკაცს, რომელმაც დღეს გლდანის „კარფურში“ ყოფილი მეუღლე საკანცელარიო დანით დაჭრა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. 37 წლის ქალი მისსავე სამსახურში მისმა ყოფილმა ქმარმა დაჭრა. ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადგილზევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ა.გ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს მისსავე სამსახურში მიაკითხა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერი და საკანცელარიო დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გლდანის „კარფურში“ მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა >>

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას და 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

50
თემები:
კრიმინალი საქართველოში
კარფური

გლდანის „კარფურში“ მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

82
დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა თავის ყოფილ მეუღლეს, რომელიც გლდანის „კარფურის“ თანამშრომელია. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდამსხმელი დააკავეს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გლდანის ფილიალში თანამშრომელს თავს დაესხნენ, იუწყება „მთავარი არხი“.

შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „კარფურში“ აცხადებენ, თავდამსხმელი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა შეაკავა, შემდეგ კი ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ჯერჯერობით, ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

82
თემები:
კრიმინალი საქართველოში
აბანოთუბანი

გაუძლებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკა ახალ შეზღუდვებს ექსპერტის მოსაზრება

0
(განახლებულია 08:46 24.11.2020)
რამდენადაც დიდი უნდა იყოს ეკონომიკის დახმარების სურვილი, პანდემიის შეკავება მკაცრი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდება, მიაჩნია პროფესორ სოსო არჩვაძეს

 

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანი კოვიდ–შესვენების შემდეგ, როდესაც ქალაქებსა და კურორტებს ტურისტები დაუბრუნდნენ, ქვეყანა თანდათან უბრუნდება ახალი შეზღუდვების აუცილებლობის ფაზას. ამასთან,  შეზღუდვების ჩამონათვალი სულ უფრო მატულობს. 

შეზღუდვები პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ქვეყანაში გართულებულ ეპიდსიტუაციასთან, სადაც ყოველდღიურად ინფიცირების 4 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგთა ნაწილი მკაცრ ლოკდაუნს მოითხოვს, სხვები აცხადებენ, რომ მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა და თავად მოსახლეობა ვეღარ გაუძლებს.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს, პროფესორ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. მაშველი რგოლი ხანმოკლე, ორკვირიანი ლოკდაუნი იქნება.

მისი თქმით, ეკონომიკის შველა შეუძლებელია ქვეყანაში ეპიდვითარების გაუმჯობესების გარეშე. შვედეთში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის „ჯოგური მეთოდი“ გამოიყენეს, რომლის არსიც შემდეგია – მოკლე პერიოდში რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსისგან, მით უფრო მალე დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, შვედეთი იძულებული გახდა ამ მეთოდზე უარი ეთქვა და შეზღუდვები დაეწესებინა, პარალელურად კი მოსახლეობისთვის აეხსნა რა და რისთვის წესდებოდა.

 „ვფიქრობ, ამ დღეებში შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადებენ. ეკონომიკური კატასტროფის შესახებ საუბარი გადაჭარბებულია. მარტ–აპრილთან შედარებით, ეკონომიკური მაჩვენებელი უმჯობესდება. მაჩვენებლები მეტყველებენ იმაზე, რომ არც ისე რთული ვითარებაა, როგორც წარმოაჩენენ. მაგალითად, გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა, გაიზარდა  შრომითი მიგრანტების რაოდენობა. და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში არცთუ ცუდ სურათს ქმნიან. ვფიქრობ, ორკვირიანი ლოკდაუნი ეკონომიკაზე დიდ დარტყმას ვერ მოახდენს...საჭიროა შემზღუდავი ზომების გატარება, რათა ორგანიზმმა მთლიანობაში ჯანმრთელობა და ფუნქციონირების უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისი განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თითოეული კოვიდ–პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს არცთუ იაფი უჯდება. თითქოსდა ეკონომიკური შეზღუდვები დაწესებული არ არის, ეკონომიკაზე კი ეს ძლიერ მოქმედებს. 

პანდემიასთან ბრძოლას სახელმწიფო საზოგადოების  გარეშე ვერ შეძლებს, დარწმუნებულია პროფესორი.

არჩვაძის სიტყვებით, საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად საშიშია უხილავი მტერი. აუცილებელია პანდემიის პერიოდში ელემენტარული წესების დაცვა და თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინაშე რთული ამოცანა დგას – ან სამედიცინო სექტორის შველა, ან ეკონომიკისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა. თუმცა, პირველის კოორდინირებული მუშაობის გარეშე მეორის შველა არ გამოვა.

კოვიდ–კრიზისის პერიოდში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. თეატრების, კინოთეატრების, საბავშვო გასართობი ცენტრების დაკეტვამ ფინანსურად შეჭირვებულთა რიგები შეავსო. თუმცა, ის ფაქტი, რომ მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური მომსახურების ხარჯებს დაფარავს, მოსახლეობისთვის არცთუ მცირე მხარდაჭერაა.

 „ყველად უნდა გადავიტანოთ ეს დრო“, – განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ადამიანებს შორის კონტაქტების შეზღუდვაზე, რამდენადაც სწორედ არასაკმარისმა ეფექტურმა ზომებმა გამოიწვია ინფიცირებულთა უმართავი ზრდა. ეპიდვითარების კონტროლის გარეშე კი ეკონომიკის აყვავებაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებულია პროფესორი.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა