ტრანსპორტის მოძღაობა სანაპიროზე პიკის საათში

ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავარიებში 337 ადამიანი დაიღუპა

56
ავტოავარიების ყველაზე ხშირ მიზეზად შსს-ში სახელდება შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის ცხრა თვეში ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სულ ამ პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები რეგიონებში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს ექვს თვეში დაშავებულთა სტატისტიკა - 5 004 ადამიანი, მათ შორის 453 - ბავშვი.

ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 802 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 77 ადამიანი, დაშავდა გაცილებით მეტი - 776.

ავარიების მიზეზები

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მიზეზით მომხდარ 287 ავარიაში დაიღუპა 31 და დაშავდა 566 ადამიანი.

გზებზე „შავ წერტილებს" მონიშნავენ – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებთან ბრძოლის ახალი მეთოდი >>

ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა. 184 ასეთი უბედური შემთხვევა 40 ადამიანისთვის ლეტალურად დასრულდა. მესამე ადგილზე დისტანციის დარღვევა მოძრაობისას - 133 ავარიის დროს ამ მიზეზით 7 ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

56
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (353)
მართლმსაჯულება

კარტოგრაფების საქმე: სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

9
(განახლებულია 18:22 30.11.2020)
დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 200 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებად უდგებიან

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში რჩებიან –  თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ექსპერტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან წარმოდგენილი იყო მათ მიერ დანიშნული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომელთა გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ კარტოგრაფებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200  ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. 

სასამართლოს სხდომა  ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობასთან დაკავებული კარტოგრაფების მომხრეები იყვნენ  შეკრებილი.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

9
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
ჰეროინი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს

36
(განახლებულია 18:23 30.11.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 47 წლის რუსეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს გააჩერეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე ამოღებულია 8390 ლარი და 400 დოლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

36
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში