აჭარის ერთ–ერთ სოფელში მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს – რა გახდა ამის მიზეზი

გამოწერა
სოფლის მოსახლეობამ აქცია სოფელში უკვე რამდენჯერმე გამართა. ისინი ბინების გარემონტებას მოითხოვენ, რომლებიც მათ როგორც სტიქიით დაზარალებულებს გადაეცათ

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობა პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პროტესტის უპრეცედენტო ფორმას მიმართეს ადგილობრივი კომისიის წევრებმაც, მათ მუშაობაზე უარი განაცხადეს და საარჩევნო უბანთან შეკრებილ ამომრჩეველს შეურთდნენ.

„ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს ბინები, მაგრამ დაუსრულებელი, ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ უკიდურეს ფორმას მივმართეთ“, - აცხადებენ სოფელ წაბლანას მცხოვრებლები.

ბათუმის ხედი - Sputnik საქართველო
ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ადგილობრივების თქმით, ისინი საარჩევნო უბანზე პროტესტის გამოხატვის მიზნით გამოცხადდნენ. მათი განცხადებით, 2 წლის წინ აჭარის მთავრობამ ბათუმში სოციალური სახლები ააშენა, თუმცა ბინები დღემდე არ გარემონტებულა.

სოფელ წაბლანას მოსახლეობამ ბინების გარემონტებასთან დაკავშირებით აქცია როგორც სოფელში, ასევე აჭარის მთავრობასთან რამდენჯერმე გამართა.

სოფელ წაბლანას ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0