სასწრაფო დახმარება

კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა: მიზეზი გულის გაჩერებაა

101
(განახლებულია 21:10 28.10.2020)
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს კორონავირუსთან ერთად სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში კორონავირუსით დღეს 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ნიკოლოზ ყარალაშვილმა განაცხადა, ხანდაზმულ პაციენტს სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

„71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

101
თემები:
COVID-19 საქართველოში (2560)
გაზქურა

აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ

38
(განახლებულია 11:37 28.11.2020)
დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, აცხადებენ სამინისტროში

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ აჭარისა და გურიის რეგიონებს, ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაზიანება „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მოხდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზიანების აღსადგენად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

 

38
თემები:
შემთხვევები საქართველოში
დაკავება

საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს - ვიდეო

39
(განახლებულია 10:20 28.11.2020)
დაკავებულმა თანამზრახველებთან ერთად შვეიცარიის ტერიტორიაზე 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა და გაასაღა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი 48 წლის პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებული ავტომობილი გაიტაცა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა.

დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

39
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ლუგარის ცენტრი

კორონავირუსით დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა

0
(განახლებულია 12:43 28.11.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ქუთაისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე ქუთაისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას კოვიდინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

ბოლო პერდიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 472-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 127 942-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 106 328 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 4 058), გარდაიცვალა – 1 195 (ბოლო 24 საათში - 34)

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (2560)