გიორგი გახარია

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა

110
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. დამნაშავის ძებნის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა – აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას.

„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, პოლიტიკურად დააკონვერტიროს ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით. მე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხვდა ბედნიერება და ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მე მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღეს პრემიერი იმყოფებოდა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც აღნიშნული საქმის დეტალებს ეცნობოდა. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

110
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
კარფური

გლდანის „კარფურში“ მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

35
დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა თავის ყოფილ მეუღლეს, რომელიც გლდანის „კარფურის“ თანამშრომელია. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდამსხმელი დააკავეს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გლდანის ფილიალში თანამშრომელს თავს დაესხნენ, იუწყება „მთავარი არხი“.

შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და მას ჭრილობები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „კარფურში“ აცხადებენ, თავდამსხმელი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა შეაკავა, შემდეგ კი ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ჯერჯერობით, ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

35
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ბახმარო

ბახმაროში უამინდობის გამო 50-მდე მანქანაა ჩარჩენილი

48
(განახლებულია 19:54 23.11.2020)
ჩოხატაურის მერის განცხადებით, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ტექნიკით არის ნებადართული. მოქალაქეები კი კურორტზე, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, „სედანის" ტიპის ავტომობილებით ავიდნენ.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჩოხატაური–ბახმაროს საავტომობილო გზაზე, რომელიც უამინდობის გამო ჩაიკეტა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოსტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია>>

კუჭავას თქმით, ამ დროისათვის კურორტზე დაახლოებით 50 მანქანა და 150-200 ადამიანია ჩარჩენილი.

„გუშინ და გუშინწინ ჩვენი თანამოქალაქეები, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მაინც ავიდნენ კურორტზე. ისინი ბახმაროში მოუმზადებელი სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის „სედანის“ ტიპის ავტომობილებით არიან ასული და დიდთოვლობის გამო უკან ვერ ჩამოდიან“, – აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

მერის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ტექნიკით არის ნებადართული.

„თოვა კურორტზე წუხელ დაიწყო და თოვლის საფარი ამ დროისათვის 45 სანტიმეტრს აღწევს. რამდენიმე საათში შეიძლება დავიწყოთ უკვე ბახმაროდან ადამიანების ჩამოყვანა, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო“, – თქვა კუჭავამ.

თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება: საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება>>

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩოხატაურიდან ბახმაროსკენ მიმავალი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი, რათა  გაწმენდითი სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.

48
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი საქართველოში არ განიხილება

0
ამ ეტაპზე საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებმა მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უფრო კომფორტულ პირობებში გაიარონ, კიიჩნევს მინისტრი

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი არ იხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 1000-ზე მეტი ადამიანი.

„ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი საქართველოში არ განიხილება, რადგან გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია ასეთი ჰოსპიტლები/კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი, ითვლება, რომ გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის არ გაუწევიათ მომსახურება”, - აღნიშნა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

ტიკარაძის სიტყვებით, კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება, ძირითადად, საავადმყოფოების ბაზაზე, ასევე, სასტუმროებში, სადაც მოქმედებს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცეტრატორების კუთხით.

„თუ ჩვენ, ყველა კომპონენტის დაცვით, სწორად, დროულად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩვენმა პაციენტებმა უფრო მეტად კომფორტულ პირობებში გაიარონ მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში