საპატრულო პოლიცია ქარელში

ქარელში „ოცნების“ საკრებულოს დეპუტატს 63 წლის მამაკაცმა Toyota Land Cruiser-ი წაართვა

132
(განახლებულია 01:37 23.10.2020)
ბოროტმოქმედი საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხა 37 წლის ზურაბ ახმედოვს და ძალადობის გამოყენებით მას კუთვნილი ავტომობილი წაართვა

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატზე ზურაბ ახმედოვზე თავდასხმა განხორციელდა. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე ყაჩაღურად თავს დაესხა 37 წლის ზურაბ ახმედოვს და „ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა“ კუთვნილი Toyota Land Cruiser-is მარკის ავტომობილი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ხოლო წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი 63 წლის მამაკაცი კი საკრებულოს დეპუტატის დაყაჩაღებისთვის ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.

სროლა „ქართული ოცნების“ ოფისთან: არიან დაჭრილები >>

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

132
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1206)
პარლამენტის წინ. დაცვის თანამშრომელი

პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო: არიან დაკავებულები

54
აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში არაფერი დაურღვევიათ.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებით და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მათი თქმით გაყალბებული არჩევნების და ასევე ერთპარტიული პარლამენტის პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ არსებულ ჯებირებზე საბჭოური სიმბოლიკის და სხვა წარწერების გაკეთება სცადეს. პოლიციამ აქტივისტებს ხელი შეუშალა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ სამი ჭყლეტვის შედეგად დაშავდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში მათ აქვთ უფლება გააკეთონ წარწერები დროებით ჯებირებზე.

54
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოში დაკავებული ძებნილის ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებენ

39
(განახლებულია 13:11 28.11.2020)
დამნაშავე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბრალდებული დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომში დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა.

აღნიშნული დანაშაულებები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაშია, ხოლო იგი ამ დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ, რათა საექსტრადიციო დოკუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი დააკავეს, რომელიც ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია.

 

39
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1206)
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში