მიუსაფარი ძაღლები

ინციდენტი წნორში - შუახნის ქალბატონი ცხოველთა დამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო

84
(განახლებულია 11:39 18.10.2020)
წნორში შუახნის ქალბატონი ძაღლების მოვლის მიზნით შემოწირულობას ითხოვდა. შეგროვებული თანხა კი ცხოველთა მოვლას არ ხმარდებოდა.

თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში ერთ-ერთმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ (GSPSA) წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ადგილობრივ ქალს საცხოვრებელ სახლში ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა. ძაღლებს არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.

ადგილზე მისულ ცხოველთა დამცველებს ვითარება კიდევ უფრო მძიმე დახვდათ, რის გამოც მათ ორი ძაღლი წაიყვანეს.

მომხდარზე გაღიზიანებული ქალი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მისულ ერთ-ერთ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, ფიზიკურად გაუსწორდა.

ორგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელის მეშვეობით ცხოველთა მოვლის მიზნით ფინანსურ დახმარებას ითხოვდა. შემოსული შემოწირულობა კი ცხოველების მოვლა-პატრონობას არ ხმარდებოდა.

ინციდენტის ყველა მონაწილე სიღნაღის რაიონულ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს სსკ-ის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, აცნობეს Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს შსს-ში.

84
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1175)
ბეჟან გუნავა

ქართული ოპოზიციური პარტიის Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

14
პარტიაში ვარაუდობენ, რომ შეტევა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო განახორციელეს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცური პარტია „ქართული არჩევანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ შეტევის მიზანს მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა წარმოადგენს.

„პარალიზებულია „ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში ეს პარტია მე-14 ნომრად არის აღნიშნული.

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - იმდენს, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ბეჟან გუნავამ 2020 წლის ივნისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა.

 

 

14
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1175)
შსს-ს შენობა

შსს: ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

88
შსს მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგინდა და ის იდენტიფიცირებულია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

88
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა