პოლიციის ავტომობილი

იყალთოში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა მძღოლი მიიმალა

54
(განახლებულია 09:34 14.10.2020)
მამაკაცი საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობებითა და ტრავმული შოკით გადაიყვანეს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით და ტრავმული შოკით გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანება, განვითარდა სისხლდენა და პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

54
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1857)
თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბი

თბილისში ღამის ბარების მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

57
ობიექტების წამომადგენლების თქმით, ბარები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, თუმცა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებში აისახება. ამასთან დაკავშირებით 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმში და იმერეთის რეგიონში არსებული ბარები და რესტორნები შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ - ისინი სტუმრებს მხოლოდ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ემსახურებიან.

შსს-ს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა კომპანია „ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ FELLERS-ში, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

57
თემები:
COVID-19 საქართველოში
ძალადობა ოჯახში

თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 18 წლის კაცი დააკავეს

90
ბრალდებულმა მსხერპლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის  137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებას და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს. 

დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

90
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ფოტოლენტა

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ ჩაეშვა

0
(განახლებულია 08:32 20.10.2020)
პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik.  საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიის კინოჩვენებების დახმარებით შესწავლას, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი. 

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა მედიაპროგრამის კონკურსში „შემოქმედებითი ევროპა“ გაიმარჯვა და გრანტის სახით  205 ათასი ევრო მოიპოვა.   ეს პირველი შემთხვევაა პროგრამასთან თანამშრომლობის მანძილზე, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიიღო უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი.

 „ისტორია–კინო–ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას. 

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ–სივრცე და თხრობის აუდიოვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეოლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება და სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

პროექტი „ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

0
თემები:
საქართველო და კულტურა