პატრული

სპეცოპერაცია თბილისში: კომპანიას თანხების გათეთრებას ედავებიან

74
(განახლებულია 19:57 13.10.2020)
ამ დროისათვის საქმის სხვა დეტალები უცნობია. კომპანია „ბროლის“ წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ევროატლანტიკური ვექტორი" კომპანია „ბროლში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

დღეს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო მასალების კომპანია „ბროლში" საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ადგილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული.

პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის" წარმომადგენლების განცხადებით, „ბროლის" დამფუძნებელი მათი ფინანსური მხარდამჭერია და მიმდინარე პროცესიც სწორედ ამას უკავშირდება.

„ეს ერთ-ერთი ბიზნესია, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ჩვენ ღიად გვიჭერს მხარს. კომპანიის დირექტორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წარმოშობით ირანელია. ჩვენ მისი გამსვლელ სიაში ჩასმა გვსურდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააპროტესტებს ამას. ბიზნესში, თუნდაც ეკონომიკური დანაშაულის გამო, ეს არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ევროატლანტიკური ვექტორის" თავმჯდომარემ სერგო ჯავახიძემ.

პარტია „ევროატლანტიკური ვექტორი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

ოფიციალური ვერსიით კი, საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის დანაშაულს – საუბარია მილიონობით ლარის შესაძლო გათეთრებაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში მდებარე რამდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები ამოიღეს.

„საქმე ეხება თანხების გათეთრებას. დანაშაული ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს. კომპანიიდან ამოღებული მტკიცებულებებისა და ნივთების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩავრთეთ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ბაინდურაშვილმა.

მისი განმარტებით, საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა დამატებითი ძალების მობილიზება.

ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია. თავად კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფურად განხორციელებულ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება.

74
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1858)
სახანძრო მანქანა

ხანძარს სვანეთში უკვე მესამე დღეა ებრძვიან

23
(განახლებულია 21:06 20.10.2020)
ამჟამად მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან იწვის ტყის ქვედა საფარი – ბუჩქები, ფოთოლი, რაც დაკვამლიანებას იწვევს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მაშველები უკვე მესამე დღეა სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მესტიის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია>>

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს – ბუჩქნარს, ეკალბარდსა და ფოთლებს, რაც დაკვამლიანებას იწვევს.

„წვიმის გამო გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხანძრის შესახებ შეტყობინება „112“-ში 18 ოქტომბერს შევიდა. ადგილზე თავდაპირველად სამი სახანძრო–სამაშველო რაზმი გაემგზავრა. გვიან ღამით მათ დასახმარებლად გაემგზავრნენ ბრიგადები თბილისიდან და იმერეთიდან.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობის ტყე დაზიანდა ცეცხლის გამო.

23
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1858)
მოსამართლის ჩაქუჩი

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

35
(განახლებულია 21:00 20.10.2020)
დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობა: დასახელდა შესაძლო მიზეზი>>

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია.

საქმე ეხება 2018 წლის 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ზაზა მურჯიკნელი მიმდინარე წლის 24 იანვარს დააკავეს. მაშინ ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ მას ამ დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. პროკურორის ინფორმაციით კი, საქმეში იყო რამდენიმე მტკიცებულება, რაც ამტკიცებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის მოკლულის დედის დოდო გუგეშაშვილის მიერ ამოცნობის ოქმი.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ზაზა მურჯიკნელი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

„ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

35
თემები:
კრიმინალი საქართველოში
პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში