დაკავება

შსს-მ თაღლითური სქემა გამოააშკარავა: დედა-შვილს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება

99
(განახლებულია 15:09 13.10.2020)
დაკავებულები მოქალაქეებს სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასა და ბინებით უზრუნველყოფაში დახმარებას ჰპირდებოდნენ.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

ისინი 30-ზე მეტ მოქალაქეს სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასა და ბინებით უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდნენ. დაკავებულებმა თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს 2 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ოდენობის თანხა. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისგან დამატებით მიითვისეს 500-500 ლარი.

ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

99
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1156)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

8
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მეტი – 425 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში თბილისში დაფიქსირდა. სულ ბოლო 24 საათში 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 19857-ს მიაღწია.

რესტორნები მცხეთაშიც 22:00 საათიდან დაიკეტება>>

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

არსებული სტატისტიკით, 372 ინფიცირებულია იმერეთში, აჭარაში - 193. გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში - სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ცხრა, სამცხე-ჯავახეთში ასევე ცხრა შემთხვევა.

„აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172 - თბილისში, აჭარაში - 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში 49, ხოლო აჭარაში -10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროებში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 -თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ამჟამად საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში -2337, თვითიზოლაციაშია 21962 პირი, მათ შორის თბილისში 3 798, აჭარაში – 8 821, იმერეთში – 3 369.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბი

თბილისში ღამის ბარების მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

69
ობიექტების წამომადგენლების თქმით, ბარები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, თუმცა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებში აისახება. ამასთან დაკავშირებით 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმში და იმერეთის რეგიონში არსებული ბარები და რესტორნები შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ - ისინი სტუმრებს მხოლოდ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ემსახურებიან.

შსს-ს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა კომპანია „ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ FELLERS-ში, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში