დაკავება

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: დააკავეს კომისიის ყოფილი წევრები

139
(განახლებულია 21:26 07.10.2020)
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დაკავებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ.

„ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

დაკავებულებს სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილის („საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“) შესაბამისად, 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება 29 სექტემბერს გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საზღვრის დემარკაცია

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.

ზალკალიანი: საუბარი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე გაგრძელდება>>>

სექტემბრის ბოლოს თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

ამასთან, ქართველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რომელი კარტოგრაფიული მასალები იქნა აღმოჩენილი. ჯეიჰუნ ბაირამოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა განხილვა და მოგვარება არ შეიძლება". 

139
თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი

შსს: არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

12
(განახლებულია 20:04 31.10.2020)
უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შსს-ს ცნობით,   გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული.

ასევე, ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით  მიმდინარეობს გამოძიება. ძალადობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც.

სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე კი გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები.

შსს ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას  პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობასთან დაკავშირებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმიურ როტაციას, ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას“, -განაცხადა საბანაძემ.

უწყების განმარტებით,  სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისინი უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ პერიმეტრზე, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. 

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საპატრულო პოლიცია

გლდანში საარჩევნო უბანზე დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს

33
(განახლებულია 17:23 31.10.2020)
ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გლდანში, საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდასტურა.

სამართალდამცავის თქმით, ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

„რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“,-განაცხადა სირაძემ.

მან საარჩევნო უბანზე სროლის ფაქტი არ დადაასტურა.

ცნობისთვის, ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.

33
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

0
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020