პატრული

აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს

137
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

137
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1161)
ირაკლი კობახიძე

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებების მიერ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

კობახიძის განცხადებით,  გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან.

„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას“, -განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს და სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1161)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

პოლიცია კითხავს ადამიანს, რომელმაც ტერორისტი ბანკამდე მანქანით მიიყვანა

19
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik პოლიციამ იპოვა მძღოლი, რომელმაც შეიარაღებული მძღოლი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე მიიყვანა, ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განუცხადა.

გათიშეთ ლაივსიგნალები: შსს მედიას და მობილურ ოპერატორებს მიმართავს >>

ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები აიყვანა. მძევლად აყვანილია 18 ადამიანი - ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. ზუგდიდში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია. სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილი ტერორისტი 500 ათას დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვს.

19
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1161)