მეწყერი ხელვაჩაურში

სტიქია აჭარაში: მეწყერში მოყოლილების ძებნა გრძელდება

100
(განახლებულია 18:16 02.10.2020)
დაკარგული ადამიანების ძებნის პარალელურად რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო, მობილიზებულია ყველა სამსახური და მძიმე ტექნიკა.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში მეწყრულ ზონაში დაკარგული ხუთი ადამიანის ძებნა გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი, თბილისიდან დამატებით კიდევ 50-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

აჭარაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ 1 ოქტომბერს წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, ადიდდა მდინარეები და ღელეები. ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჯოჭოში ღამით მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც საცხოვრებელი სახლი წაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის ქვეშ ადამიანები მოყვნენ – სახლში მყოფი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის ბავშვი, და ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში სულ 400 გამოძახება შევიდა. მათი უმრავლესობა ეზოების, პირველი სართულებისა და სარდაფების დატბორვას შეეხებოდა.

გარდა ამისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სატეხიის დასახლებაში ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი წაიღო. რომელშიც, არსებული ინფორმაციით, მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მაშველებმა ავტომობილი წყლიდან უკვე ამოიყვანეს, თუმცა მძღოლის პოვნა ვერ მოხერხდა.

„ხუთი ადამიანია ჩაყოლილი. ამათგან ორი სტუმარია, სამი კი ადგილობრივი მცხოვრები. მათ შორის, სავარაუდოდ, არასრულწლოვანიც არის. როგორც ადასტურებენ თვითმხილველები, როცა მანქანა მოდიოდა, სანამ გადავარდებოდა წყალში, ერთი მგზავრი გადმოხტა, ხოლო მეორემ ვერ მოასწრო გადმოხტომა და გადავარდა მანქანასთან ერთად წყალში“, – განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ჯუმბერ ბითაძემ.

სტიქიური უბედურების ზონაში მთელი ღამე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

„სტიქია გვაქვს როგორც ხელვაჩაურში, ასევე სხვა რაიონებში. მეწყრული პროცესების შედეგად სახლია წაღებული. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. მობილიზებული იქნება ტექნიკა, გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით მსხვერპლის შესახებ“, – განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

სამაშველო–სამძებრო სამუშაოები ხელვაჩაურის რაიონში გართულებულია. უბედურების ზონაში რთული რელიეფია და ბევრი დრო სჭირდება სპეცტექნიკის გადაყვანას. ადგილზე მაშველებთან ერთად ყველა ადგილობრივი სამსახურია მობილიზებული.

100
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1879)
ბეჟან გუნავა

ქართული ოპოზიციური პარტიის Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

29
პარტიაში ვარაუდობენ, რომ შეტევა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების გამო განახორციელეს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიცური პარტია „ქართული არჩევანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

პარტიის თავმჯდომარე ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ შეტევის მიზანს მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა წარმოადგენს.

„პარალიზებულია „ქართული არჩევანის" Facebook-ის ოფიციალური გვერდი. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და არის შეგნებულად გაკეთებული. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს განხორციელდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის უკან ავტვირთეთ ვიდეო, სადაც ხდება სრული ლუსტრაცია პატრულის საქმიანობის. ამ ვიდეოს აქვს ნახევარ მილიონამდე ნახვა“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

შსს-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენში ეს პარტია მე-14 ნომრად არის აღნიშნული.

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს 150 დეპუტატს - 120-ს პარტიული სიებით, 30 მაჟორიტარს - ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - იმდენს, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. ბეჟან გუნავამ 2020 წლის ივნისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნა.

 

 

29
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სპეცოპრაცია ზუგდიდში

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - შსს

134
(განახლებულია 19:36 25.10.2020)
შსს მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგინდა და ის იდენტიფიცირებულია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

134
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ალიევი: ურთიერთობები საქართველოსთან აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება

0
რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიან ყარაბაღში, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსთან მომავალში მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

„ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, რადგან ომს მხოლოდ ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, როგორი რეგიონის ნახვა მსურს. მსურს სამხრეთკავკასიური რეგიონის ღრმა ინტეგრაცია, მსურს ვიხილო, რომ ოდესღაც მომავალში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან - საქართველოსთან გარკვეულწილად მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის. რადგან ყველა ომი ოდესღაც მთავრდება და მშვიდობა ისადგურებს“, - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა ჯერ კიდევ არსებობს და უახლესი ისტორიიდან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული სომხური მხარის ნებაზე. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანია და აშშ ერთმანეთს კლავდნენ. საბჭოთა კავშირი და გერმანია კლავდნენ ერთმანეთს. ათობით მილიონი ადამიანი იყო მოკლული. ახლა შეხედეთ, ეს აღარავის ახსოვს. ეს მტრობისკენ არ უბიძგებს. რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიანი ყარაბაღის რეგიონში ისე, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში?“ - განაცხადა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020