Патрульная полиция на месте происшествия

მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

86
(განახლებულია 10:18 30.09.2020)
შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაეხდნენ, ასევე დამტვრეულია კამერები, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა პარტიების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა პირველი არხის ოპერატორს, დამტვრეულია კამერაც.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ასევე მარნეულში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“  ოთხ თანამშრომელსაც:  ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია აპარატურაც.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

86
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

42
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 55 წლამდე ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ, პოლიციის თანხლებით დატოვა. დანარჩენი 18 მძევლის გასათავისუფლებლად კი პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

42
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ირაკლი კობახიძე

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა

22
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საგანგაშოა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებების მიერ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

კობახიძის განცხადებით,  გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს დანაშაულის ჩამდენ პირთან.

„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას“, -განაცხადა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს და სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად ორ საათს აძლევს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

22
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მთავარი პროკურატურა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა

0
საქართველოს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრის რეალური შანსი გაუჩნდა, ფიქრობს ლაშა დარსალია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მასალები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ. განხილვა აჩვენებს, რამდენად დამაჯერებელია საქართველოს არგუმენტები, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

დარსალიას თქმით, ბოლო დროს ნაპოვნი მასალები მიუთითებს, სად შეიძლება გადიოდეს 1938 წლის ხაზი. ეს მასალები შეიძლება ქართულმა მხარემ არგუმენტად გამოიყენოს.

„მასალები არის ღირებული, რასაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი. ეს მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ. კომისიის განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი პოზიციით, ეს არგუმენტები ძალიან მყარია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოთხშაბათს დარსალია საქართველოს პროკურატურაში გამოიკითხა. მისი სიტყვებით, ინფორმაცია, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, ეხებოდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას 2019 წლიდან დღემდე, როდესაც ის კომისიას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების პოზიციას, რომ 2006-2007 წლებში კომისიას არ უხელმძღვანელია 1:200 000 მასშტაბის რუკით, ვინაიდან ის ხარვეზიანი იყო, დარსალიამ აღნიშნა, რომ კომისიას ეს საკითხი არ განუხილავს, რადგან ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული რუკებისა და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ