დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

55
(განახლებულია 18:41 28.09.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ეს მამაკაციც დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

55
სასწრაფო დახმარება

სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 დაშავდა 11 ადამიანი

27
(განახლებულია 08:16 30.10.2020)
ავტოკატასტროფა გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. 

 „2020 წლის  30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

პირველი არხის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფა გორში გვიან ღამით მოხდა. დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშვებული თბილისში გადაჰყავთ.

27
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სპეცოპერაცია ზუგდიდში

„გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას“: ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს

86
(განახლებულია 19:29 29.10.2020)
ამ დროისათვის სამართალდამცველები ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობენ.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირის ბადრი ესებუას მამა შვილს მიმართავს და სთხოვს, პოლიციას ჩაბარდეს. ვიდეომიმართვას საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

„შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, – მიმართავს ტარიელ ესებუა შვილს.

შსს-ს ცნობით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

86
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა