განცხადება დაკარგული ილია ფილფანის ძებნის შესახებ

ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს

173
(განახლებულია 21:36 27.09.2020)
დაკარგული ილია ფილფანის მამამ დაზარალებულის სტატუსი მიიღო – ახლა ის საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ილიას დედამ ქსენია ფილფანმა განუცხადა.

თვე-ნახევარი გავიდა – 13 წლის ილია ფილფანის ძებნა გრძელდება>>

18 ივლისს ილია, რომელიც მამის ნათესავებთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს შევხვდით, ვთხოვეთ, რომ ილიაზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინათ. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩვენი თხოვნა შესრულდა – ბიჭს ინტერპოლი ეძებს“, – აღნიშნა ქსენიამ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ქსენია ფილფანმა აღნიშნა, მისმა მეუღლემ დაზარალებულის სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას გამოძიების მასალებზე წვდომა ექნება.

„ერთი პრობლემა გაგვიჩნდა – ქართული ენა არ ვიცით, მთარგმნელი გვჭირდება. როდესაც მთარგმნელს ვიპოვით, შევძლებთ გამოძიების მასალების გაცნობას“, – აღნიშნა ქსენია ფილფანმა.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

173
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1899)
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი

შსს: არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

11
(განახლებულია 20:04 31.10.2020)
უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შსს-ს ცნობით,   გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით,  ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული.

ასევე, ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით  მიმდინარეობს გამოძიება. ძალადობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც.

სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე კი გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები.

შსს ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას  პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობასთან დაკავშირებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმიურ როტაციას, ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას“, -განაცხადა საბანაძემ.

უწყების განმარტებით,  სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისინი უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ პერიმეტრზე, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. 

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

11
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საპატრულო პოლიცია

გლდანში საარჩევნო უბანზე დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს

33
(განახლებულია 17:23 31.10.2020)
ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გლდანში, საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდასტურა.

სამართალდამცავის თქმით, ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

„რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“,-განაცხადა სირაძემ.

მან საარჩევნო უბანზე სროლის ფაქტი არ დადაასტურა.

ცნობისთვის, ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში.

33
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად რჩება

0
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს პრემიერობა არ სურს, მთავარია ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ისეთი კანდიდატები შეარჩიოს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება მისაღები.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება ბლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ. 

დღეს საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია, განაცხადა რომ მას არ აინტერესებს აღნიშნული თანამდებობა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას საქართველოს პრემიერობა არ სურს, მთავარია ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ისეთი კანდიდატები შეარჩიოს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება მისაღები.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა. არავის არ მოუხსნია მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობიდან. ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. სააკაშვილმა კი თქვა ეს, მაგრამ ჩვენც ჩვენი სიტყვა გვეთქმის“, - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე რამდენიმე ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. ყველა გამოკითხვაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი მეორე ადგილზეა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020