დაკავება

კიბერდანაშაულის სქემა გახსნილია: დაკავებულია ორი პირი

79
(განახლებულია 17:33 24.09.2020)
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ამოიღო.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა კიბერდანაშაულის ბრალდებით ოზურგეთში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 და 30 წლის მამაკაცებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილსა და 6 ივნისს ერთ-ერთმა ბრალდებულმა მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. 

„ერთ-ერთმა დაკავებულმა კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით ონლაინ–ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი – 2 ათასი ლარი მეგობართან ერთად გაანაღდა, რომელიც ამავე ონლაინ–ტოტალიზატორის მომხმარებელია. თანხის მეორე ნაწილი კი – 5 ათასი ლარი ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე, 286-ე მუხლის მესამე და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1169)
პოლიცია

ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს

42
(განახლებულია 14:41 22.10.2020)
გუშინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ინკასაციის სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა. 

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბანკის შესასვლელთან რიგში იდგა, ინკასაციის სამსახურის წარმომადგენელს ბანკში შეჰყვა, თავს დაესხა, ფულით სავსე ჩანთა ხელიდან გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჯერჯერობით უცნობია, წაღებული თანხის კონკრეტული ოდენობა.

ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორია სფეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

თავდასხმის ფაქტს არ ადასტურებს „საქართველოს ბანკი“. მათი განცხადებით, დაყაჩაღებული ინკასატორი მათი ბანკის თანამშრომელი არ არის.

„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“  კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის  კომპანია DDG-ს“,  - განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომპანია DDG-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მათ კუთვნილ მანქანაზე მოხდა და თავდახმის შედეგად არავინ დაშავებულა.

გუშინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და ერთი პოლიციელის თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი იძებნება.

42
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

მარტყოფში არასრულწლოვანმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

49
მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ფიზიკურ დაპირისპირებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

არსებული ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანმა, 16 წლის თანასოფლელმა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებს კამათი ადრეც მოსვლიათ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.

49
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ნიკა გვარამია - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი

„იყვნენ სამნი, აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ - ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

0
21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი  „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდის სპეცოპერაციის უცნობ დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები სამნი იყვნენ - აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს სინამდვილეში.

გვარამიას თქმით, ერთ-ერთი დავით ხვიბლიანი იყო, რომელიც კადრებშიც ჩანს პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს შავი კეპით და პირბადით.

„არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა. საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში“, - წერს გვარამია.

მანამდე გვარამიამ 21 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროებდნენ დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი  „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალში შეიჭრა და 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა. ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი  ერთ–ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა