ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილის დაღუპვის ადგილის თანამგზავრულ ფოტოებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეამოწმებენ

154
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე აპირებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას იმ ადგილის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ნამდვილობის დასადგენად, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში წარმოადგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანთან მიმდებარედ იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილას არ დგას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოები ადვოკატს დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია პირზე, რომელმაც მას აღნიშნულ ფოტოები გადასცა. მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ახმაურებს გამოძიება ინფორმაციას წყაროს შესახებ.

ფურცხვანიძემ პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნებს უნდობლობა გამოუცხადა და მას „არაკვალიფიციური“ უწოდა.

„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძიების შემდეგ საკუთარ მანქანაში თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ოჯახს ამის არ სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მკვლელობაა და უკავშირდება გოგონას სამუშაოს. მათი მტკიცებით, პროგრამისტს ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

გარდაცვლილი გოგონას დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალება უკავშირდება მთიანი ყარაბაღის ომის დროს იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას.

როგორც გაირკვა, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ უარი განაცხადა 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში მონაწილეობაზე, როგორც ამას დაღუპულის ოჯახი ითხოვდა, და აღნიშნა, რომ საქმე მათ კომპეტენციას სცდება.

გამოძიება ბაჩალიაშვილის საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

154
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (132)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

როგორ გამოისყიდეს ნახევარმილიონის ფასად ზუგდიდელი მძევლები - ვრცელდება ვიდეო

22
კადრებში ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, აწვდის თანხას და მძევლების ხელშეუხებლობას ითხოვს

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელისთვის გამოსასყიდის გადაცემის მომენტია დაფიქსირებული, დღეს აქტიურად ვრცელდება Facebook-ის ქართულ სეგმენტში.

საუბარია გასულ ოთხშაბათს, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებზე. 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თავად დამნაშავე კი მძევლების გათავისუფლების შემდეგ ფულთან ერთად მიიმალა.

ვიდეოზე, რომელიც, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონითაა გადაღებული, ადამიანი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ გალდავას ჰგავს, თანხას გადასცემს.

თავდამსხმელი კადრებზე მხოლოდ ზურგიდან ჩანს. გალდავა ხსნის ჩანთას, საიდანაც იღებს ფულის შეკვრებს და იატაკზე აწყობს. ამის შემდეგ ისმის დიალოგი, რა დროსაც გალდავა მოუწოდებს თავდამსხმელს არ დახოცოს მძევლები, რაზეც ის პასუხობს, რომ არ გააკეთებს ამას, თუ პოლიციის მხრიდან პროვოკაცია არ მოხდება.

მძარცველი: ვთქვათ გავუშვი ესენი და წავედი მე მარტო, სისულელეა!

გალდავა: მარტო არ გეუბნები-მეთქი. წამიყვანე მე და სადამდეც გინდა იქამდე მიდი, ძმაო.

მძარცველი: სისულელეა!

გალდავა: რა გინდა? რას მთავაზობ?

მძარცველი: არაფერს, შემოიტანე ფული და დადე აქ.

შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს გალდავა ჩანთიდან ფულის რამდენიმე შეკვრას და იატაკზე ალაგებს.

გალდავა: პროსტა გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას.

მძარცველი: მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თქვენ თუ არ გააკეთებთ.

გალდავა: მე არ გავაკეთებ-მეთქი არაფერს, ძმაო.

სწორედ გალდავა მოგვიანებით ჩაბარდა მძევლად, მანვე გააშვებინა დამნაშავეს მძევლების უმრავლესობა. ბოლო მომენტამდე ბოროტმოქმედს მძევლად ჰყავდა გალდავა და კიდევ სამი პირი, რომლებსაც ფარად ამოეფარა. გამთენიისას, როდესაც დარწმუნდა, რომ დევნა არ ხორციელდებოდა, მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაათავისუფლა და მიიმალა. პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ადრე სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ მოუწოდეს მედიას, არ გაევრცელებინათ კადრები და ინფორმაცია, რაც გამოძიების მსვლელობას ხელს შეუშლიდა.

22
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
საპატრულო პოლიცია

ყაჩაღური თავდასხმა თეთრწყაროში: დაზარალებულია უცხოელი ბიზნესმენი

28
თავდამსხმელებმა გაკოჭეს ოჯახის წევრები, მოიპარეს ტელეფონები, ნოუთბუქები და 11 ათასი ლარი, ასევე გაიტაცეს ავტომობილი

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალზელანდიელი ბიზნესმენი და მისი ოჯახი დააყაჩაღეს, განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზვიად ხაფავამ ტელეარხ TV Formula-ს ეთერში.

მერის წარმომადგენლის მონაცემებით, ყაჩაღები თავს დაესხნენ ბიზნესმენსა და მის მეუღლეს, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

„ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი. ბიზნესმენს წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბუქი და 11 000 ლარი. ფიზიკურად არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ხაფავამ.

შსს-ში ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

28
თემები:
კრიმინალი საქართველოში