შეიარაღებული თავდასხმა

კასპში მკვლელობა მოხდა: მანქანის ხელოსანმა დამკვეთი მოკლა

225
მანქანის ხელოსანთან სახლში ორი მამაკაცი მივიდა, მათ შორის შელაპარაკება ჩხუბში, შემდეგ კი მკვლელობაში გადაიზარდა

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. კასპში მკვლელობა მოხდა - მამაკაცმა მასთან სახლში მისული ერთი სტუმარი მოკლა, მეორე - დაჭრა.

მამაკაცებს შოტის შელაპარაკება გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მასპინძელმა სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იყო მანქანის ხელოსანი, მოკლული კი მისი კლიენტი. დაჭრილია მისი თანხმლები პირი.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანება) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) დაიწყო.

225
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

42
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

42
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)
გიორგი გახარია

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა

50
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. დამნაშავის ძებნის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა – აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას.

„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, პოლიტიკურად დააკონვერტიროს ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით. მე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხვდა ბედნიერება და ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მე მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღეს პრემიერი იმყოფებოდა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც აღნიშნული საქმის დეტალებს ეცნობოდა. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

50
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
ავტობუსის კონტროლიორი

თბილისში კორონავირუსი ავტობუსის კონტროლიორს დაუდასტურდა

0
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში