მეწყერი ქედაში

აჭარაში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგა

61
(განახლებულია 20:33 19.09.2020)
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამის დახმარებას გაუწევენ

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია, ხელვაჩაურში სამუშაოები სამ მიმართულებაზე გრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

ქედაში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა: დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზა >>

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ 16 ლოკაციიდან 13-ზე გაწმენდითი სამუშაო პროცესი დასრულებულია. გზა დაზიანებული რჩება მხოლოდ სამი სოფლის მიმართულებით: სკურდიდის, შუშანეთისა და მარადიდის მიმართულებით, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე კი მოსახლეობას საშუალება აქვს შემოვლითი გზით ისარგებლოს.

სტიქიის კერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარელებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შუახევის, ქედის, ხულოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმის შედეგად დღეს რამდენიმე ადგილზე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები და სავარგულები.

 

61
თემები:
უამინდობა საქართველოში (310)
სასწრაფო დახმარება

ახალციხეში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

61
მეზობლებს, რომლებმაც მარტო მცხოვრები 67 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, ის ორი დღეა არ უნახავთ და მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ახალციხეში საკუთარ სახლში მოკლული პენსიონერი ქალის ცხედარი იპოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მეზობლებს, რომლებმაც 67 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, ის ორი დღე არ უნახავთ. მათ ასევე არ აქვთ ვერსია, ვის და რატომ უნდა მოეკლა ხანდაზმული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „განზრახ მკვლელობის მუხლით“ დაიწყო. 

61
მაშველები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

40
აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დაკარგული მამაკაცის ძებნა ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს. ოჯახის წევრები მყვინთავების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. აჭარაში რამდენიმე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და საჭირო ტექნიკა.

დაკარგულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

 

40
სწავლა პირბადეებით

განათლების სამინისტრო: სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დამაიმედებელია

0
15 თებერვლიდან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს მასშტაბით I-XII კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდნენ.

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი დაბალია, რადგან ყველა რეკომენდაცია არის დაცული, განუცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „პირველ არხს“.

სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,03%-ს დაუდასტურდა.

„გაზაფხული რთული პერიოდია საგანმანათლებლო სისტემისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ინტერვალებით, ორკვირიანი შუალედით დაკვირვების საშუალება. ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე ადასტურებს, რომ უსაფრთხოების მაღალი ნორმებია დაცული. ყველა რეკომენდაცია დაცულია და სკოლებში ვირუსის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რისკები ასევე მინიმალური იქნება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კერძოდ, 1 მარტიდან უნივერსიტეტებს კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. ორივე ეტაპზე უნივერსიტეტებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითი იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად შეძლებენ.

ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს ყოველ ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება უტარდება,  ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე.წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან. ტესტირების პროცესი 11 თებერვალს დაიწყო. 27 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პროტოკოლის მიხედვით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

15 თებერვლიდან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  საქართველოს მასშტაბით 1-12 კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდნენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.

0