დაკავება

საქართველოში დააკავეს ბერი, რომელიც მოზარდს რამდენიმე თვის განმავლობაში აშანტაჟებდა

714
(განახლებულია 23:05 13.09.2020)
ლევან ჯალაღონია,  რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და საზოგადოებას მამა იოანეს სახელით ეცნობოდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ჯალაღონია, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და საზოგადოებას მამა იოანეს სახელით ეცნობოდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, მამაკაცი  მას ფოტოსურათების ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,  ბრალდებულის ნათესავია. კაცმა ის ჯერ დაარწმუნა, რომ მოჯადოებული იყო, შემდეგ კი უთხრა, რომ შესალოცად მისი შიშველი ფოტოები სჭირდებოდა. რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, მოზარდმა დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ჯალაღონიას დარღვევების გამო ზიარება აკრძალული ჰქონდა.

„ის არასოდეს ყოფილა მღვდლად ან დიაკვნად ხელდასმული. ბერად იყო აღკვეცილი და ეპარქიაში გარკვეული კანონიკური დარღვევების გამო აკრძალული ჰქონდა ზიარებაც კი. უკანონოდ ასრულებდა მღვდელმსახურებას და შეცდომაში შეჰყავდა ხალხი," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

714
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1246)
მიწისძვრის მაგნიტუდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

50
3,0 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა თბილისიდან 58 კილომეტრში, ქალაქ წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. დღეს, დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი წალკასთან მდებარეობდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა, რომელიც 23 იანვარს 17:27 საათზე წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა, 3,0 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო. მისი კერა 13 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

50
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

33
(განახლებულია 11:07 23.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 111 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 738  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

33
ფიტნეს-კლუბი „რეფორმერი“

ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

0
ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად კომენდანტის საათის მოხსნასაც ითხოვენ. ისინი თვლიან, აღნიშნული შეზღუდვა ვირუსის არა შეკავებას, არამედ გავრცელებას ემსახურება.

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ბათუმში ფიტნეს-კლუბ „რეფორმერთან“ კლუბის თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სხვა შეზღუდვებთან ერთად იკრძალება სპორტ-დარბაზებისა და აუზების ფუნქციონირება. აღნიშნული დაწესებულებებისი მუშაობის გაგრძელება 1 მარტიდანაც არ არის დაგეგმილი.

ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, 1 თებერვალს კი მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.

„პირველი თებერვლიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვთ, ადამიანებს ეკონომიური საქმიანობის საშუალება უნდა მიეცეთ. მარტო ჩემი ფიტნეს კლუბით ეკონომიკის ბედი არ წყდება, ამიტომ მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სისულელე”, - განაცხადა ფიტნეს-კლუბის მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ.

მისივე განმარტებით, დაწესებული რეგულაციები ვირუსის გავრცელებასთან კავშირში არ არის და დროში შეზღუდვა მობილობის გაზრდას უწყობს ხელს.

კლუბი „რეფორმერი“ ერთხელ უკვე არ დაემორჩილა დაწესებულ შეზღუდვას და საქმიანობა გააგრძელა, რის გამოც ფიტნეს-ცენტრის ადმინისტრაცია შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 28 ნოემბრიდან დროებით აიკრძალა.

საქართველოში პირველი თებერვლიდან დაწესებული რეგულაციების ნაწილი იხსნება.

0