ციხის საკანი

შაქარაშვილის საქმე: ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამას პატიმრობა შეეფარდა

218
(განახლებულია 21:53 12.09.2020)
პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. ბრალდებულისა ადვოკატმა მოსამართლეს 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის მამას თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. როგორც პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარემ მოსამართლეს 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, თამაზ ხომასურიძემ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

კერძოდ, ბრალდებულმა მეგობარს დაავალა, რეგისტრაციის გარეშე ორი მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი შეეძინა, მისულიყო გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის გურამ ამირხანაშვილის სახლთან და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნა.

უწყების ცნობით, ბრალდებული შსს-სა და სუს-ის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნას.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა, ასევე მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე, 369(1)-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: ბრალდებულის მამამ თავის დაწვა სცადა >>

17 პირიდან ხუთ პირს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ თავიდან სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. 

218
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
კაცი პისტოლეტით ხელში

ხაშურში კომპანიის მენეჯერმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა

32
(განახლებულია 16:03 19.09.2020)
ინციდენტის დროს მაღაზიის მენეჯერმა ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამშენებლო კომპანიის ოფისში შეიჭრა - ის ამავე კომპანიის მენეჯერმა მოკლა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, მენეჯერმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

32
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მგზავრები პირბადეებით

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

38
დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500 ლარით ჯარიმდება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

აღნიშნული სტატისტიკა 2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

აღნიშნულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა ან გაფრთხილება მიეცა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 12 ივნისს შევიდა. 42(11) მუხლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა ფიზიკური პირისთვის 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება აღნიშნული სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

38
თემები:
COVID-19 საქართველოში