თანამგზავრიდან გადაღებული დედამიწა

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ნამდვილობას შეამოწმებს

184
(განახლებულია 20:47 09.09.2020)
ფოტოებზე, რომლებიც ოჯახის ადვოკატმა წარადგინა და რომელთა ნამდვილობაშიც პროკურატურას ეჭვი ეპარება, გარდაცვლილი გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე არ დგას, სადაც ის 22 ივლისს იპოვეს.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურა შეუდგა იმ ფოტოების შესწავლას, რომელიც თანამგზავრის მიერ არის გადაღებული და რომელიც დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მიხეილ რამიშვილმა გუშინ ტელეკომპანია Formula-ს ეთერში აჩვენა თანამგზავრიდან გადაღებული რამდენიმე ფოტო, რომლებზეც გამოსახულია ტერიტორია სოფელ მაწევანის სიხლოვეს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს 22 ივლისს.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ფოტოები გადაღებულია 19–22 ივლისის შუალედში და იმ ადგილზე ავტომობილი არ არის.

რადგანაც ფოტოს წყარო გაურკვეველია, კერძოდ, არ არის მითითებული ვებ-გვერდი, თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, პროკურატურამ რამიშვილს კონკრეტული თანამგზავრისა და მისი მფლობელის მონაცემების მითითების თხოვნით მიმართა, ასევე სთხოვა, მიუთითოს ამ ფოტოების მიღების წყარო.

თუმცა ადვოკატმა ინფორმაციის მიწოდებაზე და კონკრეტული წყაროს მითითებაზე უარი განაცხადა.

„მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა მხოლოდ ორი ფოტო და ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, უკვე მიმართა პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, აშშ-ს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს Land info, Digital Gloss, Skywatch, L3harris technologies და ა.შ.

აშშ-ის, ევროპოლისა და კომპანიების ნაწილის შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მათ აღნიშნული ადგილის თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში არ გააჩნიათ, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის უცნობი დეტალები: რას ჰყვება გარდაცვლილის ბებია>>

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

184
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1789)
მთავარი პროკურატურა

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება

86
(განახლებულია 21:44 23.09.2020)
გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ცნობილი გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

86
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
სიგარეტი

მარტვილში 90 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

46
(განახლებულია 20:59 23.09.2020)
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეს აღმოჩენილი პროდუქცია ჩამოერთვა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ ხუნწში ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას 90 ბლოკი (18 ათასი ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

46
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:24 22.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდა, წახალისება, ხოლო ქვეშევრდომებს შეუძლიათ მიმართონ თხოვნით ხელმძღვანელობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, ახალი პარტნიორების ძებნა, უფრო ინდივიდუალურად მუშაობა, ვიდრე გუნდურად.

არარეკომენდებულია გაძლიერებული მუშაობა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

0