მოსამართლის ჩაქუჩი

სასამართლომ ქურდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გაამართლა

112
(განახლებულია 13:11 08.09.2020)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და ფოთის პოლიციის თანამშრომელს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა ფოთის პოლიციის თანამშრომელი ჭაბუკა ლემონჯავა, რომელსაც ბრალად ედებოდა „მკვლელობა გაუფრთხილებლობით", იუწყება „პირველი არხი“.

საქმე ეხებოდან 2018 წლის 23 ივლისს ფოთში მომხდარ ინციდენტს. ბოროტმოქმედი სწრაფი გადახდის აპარატიდან ფულის მოპარვას ცდილობდა, როდესაც პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა. პოლიციელმა ის ტაბელური იარაღით დაჭრა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაცვამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ ქურდი გასროლამდე პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ამის შემდეგ პოლიციელი იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით იარაღი გამოეყენებინა.

სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით იყო აღძრული – მკვლელობა გაუფრთხილებლობით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ძალადობის ან იარაღის გამოყენებით.

112
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1108)
მეწყერი ონში

ქედაში მეწყერი ჩამოწვა: დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზა

33
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი“.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად  მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

33
თემები:
უამინდობა საქართველოში
სახანძრო მანქანა

ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

25
(განახლებულია 11:21 19.09.2020)
რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დაიწვა ორი ჰექტარ ფართობზე არსებული ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი.

რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.

ხანძარი ატენის ხეობაში 16 სექტემბერს დაიწყო. 

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა.

გორის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის >>

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანების გაუფრთხილებლობაა, ხოლო მაღალი ტემპერატურა ზაფხულში ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.

25
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

0
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში