გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ქალი დააკავეს

182
(განახლებულია 18:16 03.09.2020)
შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად იყოფა: ჩხუბის ეპიზოდები მცხეთის აგარაკზე, ჩხუბის ეპიზოდები მცხეთა–თბილისის ტრასაზე და უშუალოდ ახალგაზრდის მკვლელობა. სულ საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე მოქალაქე ვერონიკა არონია დააკავა. ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საქმე ეხება ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას ოთხი პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი ერთ-ერთ მედიასაშუალებას დაუკავშირდა და ამტკიცებდა, თითქოს შეესწრო საუბარს, სადაც ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის გვარი, რომელიც, მათი შეფასებით, ცუდად მოიქცა. ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა „გაჩუმდი“.

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი საგამოძიებო ორგანომ სამჯერ გამოკითხა, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

„ინფორმაციის გადამოწმების პროცესში დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობი პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ქალის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად იყოფა: ჩხუბის ეპიზოდები მცხეთის აგარაკზე, ჩხუბის ეპიზოდები მცხეთა–თბილისის ტრასაზე და უშუალოდ ახალგაზრდის მკვლელობა. სულ საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

17 დაკავებულიდან მკვლელობის ბრალდება ხუთს აქვს წაყენებული, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ ჯერ სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი ის მდინარეში გადააგდეს, სადაც ეს უკანასკნელი დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში, მცხეთასთან ახლოს იპოვეს.

182
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (72)
მთავარი პროკურატურა

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება

94
(განახლებულია 21:44 23.09.2020)
გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გამო აღშფოთება არაერთმა იურისტმა გამოთქვა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ათზე მეტი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან კოლეგის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

გუშინ საგამოძიებო ორგანოებმა მიხეილ რამიშვილის პირადი მობილური ტელეფონი ამოიღეს უსაფრთხოების საკითხთა არასამთავრობო ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერის შესამოწმებლად, რომელმაც ადვოკატს გადასცა თანამგზავრიდან გადაღებული, იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის მანქანა იპოვეს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარებული მიხეილ რამიშვილის მიმართ მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.

იურისტები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ადვოკატისთვის ტელეფონის ჩამორთმევა და ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე მსგავსი ფორმით დაკითხვა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის პოზიცია

აქციას შეუერთდა თეონა თამაზაშვილიც - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა. მისი თქმით, გამოძიება, გოგონას მკვლელების ვინაობის დადგენის ნაცვლად, ებრძვის ადვოკატს და ცდილობს, ის საქმეს ჩამოაშოროს.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ვინ მიაწოდა მას იარაღით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე, თამაზაშვილმა მიუგო, რომ ამის შესახებ ინტერნეტში წაიკითხა, ფურცხვანიძემ კი სტატია ინგლისურ ენაზე უკვე ამის შემდეგ გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა ასევე, რომ დარწმუნებულია ფოტოების ავთენტურობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მას საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს, ის დაიჯერებს, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა.

რა მოხდა დაკითხვაზე

დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უპასუხა კითხვებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი პროკურატურის საქმეა. მისი თქმით, ყველა კითხვა მის მიმოწერას ეხებოდა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი (ფურცხვანიძე - რედ.). გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხაზგასმით განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ბაჩალიაშვილის მანქანა არ იყო იქ, სადაც იპოვეს.

რადგან ფურცხვანიძის მიერ წარმოდგენილი ფოტოები, ბრალდების განცხადებით, ყალბია, რამიშვილი პროკურატურისგან ელოდება თანამგზავრიდან გადაღებულ სხვა ფოტოებს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ფურცხვანიძე აშშ-ში ვიზიტის შემდეგ, რომელიც 30 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ ფოტოების ექსპერტიზის სარწმუნო შედეგს ჩამოიტანს. 

პროკურატურის პოზიცია

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიებამ დასვა მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კითხვა.

„ვიდრე რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში განაცხადებდა წყაროს ვინაობას, თქვენთან, მედიასთან საჯაროდ დაუკავშირდა ამ პიროვნებას, შეატყობინა, რომ აპირებდა მის დასახელებას. ასევე, მისი ვინაობა ცნობილი გახადა თქვენთვის, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმ დღესვე, როდესაც დაასახელა დავით ფურცხვანიძე, დავიწყეთ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც ეხებოდა ფურცხვანიძის სახლის და ოფისის ჩხრეკას“, – განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა აღნიშნა ასევე, რომ დავით ფურცხვანიძე ერთადერთი ადამიანია ამ საქმეში, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, მათ შორის, ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხზე.

რაც შეეხება ფურცხვანიძისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას, გუმბერიძის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ამ ეტაპზე კი კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში გამოძიებას წარუდგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანის მიმდებარე იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილზე არ დგას.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

94
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
სიგარეტი

მარტვილში 90 ბლოკი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

48
(განახლებულია 20:59 23.09.2020)
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეს აღმოჩენილი პროდუქცია ჩამოერთვა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სოფელ ხუნწში ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას 90 ბლოკი (18 ათასი ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

48
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ვალუტის გადამცვლელი კურსი

ლარის კურსი 24 სექტემბერს

0
(განახლებულია 23:45 23.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0242 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2641 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 24 სექტემბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს