საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ომბუდსმენთან თანამშრომლობისთვის მზად არის

153
(განახლებულია 20:46 31.08.2020)
23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი აქვს. გამოძიებას ყურადღებით აკვირდება სახალხო დამცველის აპარატიც.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ბაჩალიაშვილის საქმეში სუს-ის სამი ჯიპი გამოჩნდა >>

„აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ საქმის მასალებს არ აცნობენ.

ომბუდსმენის თქმით, უახლოეს დღეებში ის დაღუპული პროგრამისტის ოჯახს შეხვდება. შეხვედრა ბაჩალიაშვილების ოჯახის თხოვნით გაიმართება.

„უახლოეს დღეებში შევხვდები გარდაცვლილი გოგონას მშობლებს მათი თხოვნით. შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება, ოჯახს კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება სახალხო დამცველის მხარდაჭერა და დახმარება. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას – რა მიმართულებით უნდა ჩაერთოს სახალხო დამცველი ჩვენი მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

153
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (128)
სამძებრო–სამაშველო ოპერაცია

ხობში 58 წლის მამაკაცი მდინარეში  დაიხრჩო

32
(განახლებულია 16:20 18.09.2020)
ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს. ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამეგრელოში ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი  მდინარეზე გუშინ წავიდა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა დაემართა.

ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს.

ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა

პროკურორი: ჩანაწერში ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს

73
(განახლებულია 15:42 18.09.2020)
ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ვადასტურებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს, განაცხადა ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოკსიკაციაა და მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რამე ნიშნები, მათ შორის, ინექციის კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზის შედეგების თანახმად კი დადგინდა, რომ პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა – ინექციის გზით.

პროკურორის განცხადებით, ის ვიდეომასალა, რომელიც ბაჩალიაშვილის  მობილური ტელეფონიდანაა მოპოვებული, მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

„საქმეში ნამდვილად მოიპოვება როგორც ვიდეო, ისე აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. საქმეში ნამდვილად არსებობს აუდიოჩანაწერი, განხორციელებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ, როდესაც ის განიხილავს ტყეში თვითმკვლელობის სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობას“, – განაცხადა პროკურორმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული ვიდეო-აუდიომასალების ჩანაწერები პროკურატურაში, დახურულ დარბაზში დღეს ჟურნალისტებს მოასმენინეს.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

73
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა

0
(განახლებულია 16:34 18.09.2020)
საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში აირჩიეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველმა, ივანე მაჭავარიანმა, ბანკის მმართველთა ბიზნეს–სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბანკის როლს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან აღნიშნა, რომ  ბანკმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად.

აზიის ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება>>

„უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაგრძოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. აზიის განვითარების ბანკს აქვს დიდი გამოცდილება რეფორმების მხარდაჭერაში და აუცილებელია ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„საქართველო აქტიურად უჭერს მხარს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია ბანკის წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და საზღვრისპირა ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება. მეტი ინტეგრაცია და ღიაობა, ნაკლები ბარიერები - ესაა ის ძირითადი საფუძვლები, რომელზეც უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა , რომ ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

0