ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში

ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში: რა ვითარებაა ადგილზე

177
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესო ამირანაშვილი აცხადებს, ვერტმფრენის ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ცეცხლი ტყე-ბუჩქნარს უკიდია, აცხადებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესო ამირანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამირანაშვილის თქმით, ვერტმფრენის ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

„ამ ეტაპზე მიდის ქრობითი სამუშაოები. სახანძრო სამაშველო სამსახური მობილიზებულია სრულად. როგორც მათგან მაქვს ინფორმაცია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. ცეცხლი უკიდია ტყე-ბუჩქნარს. ვერტმფრენის ჩართულობაც ამ ეტაპზე საჭირო არ არის. ვფიქრობთ, ხვალ დილით უნდა მოხდეს სრულად ლოკალიზება. მოსახლეობისგან საკმაოდ შორს არის“, -განაცხადა გუბერნატორმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

177
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
კაცი პისტოლეტით ხელში

ხაშურში კომპანიის მენეჯერმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა

30
(განახლებულია 16:03 19.09.2020)
ინციდენტის დროს მაღაზიის მენეჯერმა ჯერ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებული მამაკაცი სამშენებლო კომპანიის ოფისში შეიჭრა - ის ამავე კომპანიის მენეჯერმა მოკლა, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, მენეჯერმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, შემდეგ კი თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

შემთხვევა პარასკევს მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

30
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მგზავრები პირბადეებით

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

38
დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500 ლარით ჯარიმდება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

აღნიშნული სტატისტიკა 2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

აღნიშნულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა ან გაფრთხილება მიეცა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 12 ივნისს შევიდა. 42(11) მუხლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა ფიზიკური პირისთვის 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება აღნიშნული სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

38
თემები:
COVID-19 საქართველოში