კრიმინალური პოლიცია

ყაჩაღობა ჭიათურაში - დაკავებულია ოთხი პირი

696
(განახლებულია 11:00 30.08.2020)
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 74 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლს

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იმერეთში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებიდან სამი პირი წარსულში ნასამართლევია, ორი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 74 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სახლის მფლობელს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს სამკაულები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანარჩენები - მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

696
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1107)
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

20
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

20
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სამძებრო–სამაშველო ოპერაცია

ხობში 58 წლის მამაკაცი მდინარეში  დაიხრჩო

40
(განახლებულია 16:20 18.09.2020)
ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს. ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამეგრელოში ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი  მდინარეზე გუშინ წავიდა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა დაემართა.

ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს.

ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

40
თემები:
შემთხვევები საქართველოში