შატილი

შატილში ავარიაში დაღუპულთა ოჯახის წევრები ტურისტულ კომპანიას ადანაშაულებენ

348
(განახლებულია 22:25 24.08.2020)
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაასრულებს.

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. შატილში, საზარელ ავარიაში დაღუპულთა ოჯახის წევრები მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.

შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კვირა საღამოს ავტოკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან გიდი და ერთი უცხოელი.

დაღუპულთა ოჯახის წევრების ვარაუდით, მგზავრების უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და გათვალისწინებული.

„ან მანქანა არ იყო გამართული ან მძღოლი იყო დამნაშავე. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ გვყავდა უსაყვარლესი ბავშვი და ის ჩვენ გვერდით აღარ არის. რომ წაიყვან ჯანმრთელს, უნდა ჩამოიყვანო ჯანმრთელი. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? კომპანია უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა ერთ-ერთი დაღუპული მგზავრის ნათესავმა ტელეკომპანია „TV-პირველის“ ეთერში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება არ ჰქონდა გავლილი - ბოლო შემოწმება მას ივლისში უნდა გაევლო.

ცნობილია მიკროავტობუსის მძღოლის ვინაობა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. იგი 59 წლის იყო. დაღუპულის ოჯახის მეგობრის სიტყვებით, მას მძღოლად მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი ჰქონდა. როგორც მძღოლის ოჯახის ახლობელი ამტკიცებს, მიკროავტობუსი ეკუთვნოდა კომპანიას და არა მძღოლს.

როგორც გაირკვა, დაღუპული მძღოლის ოჯახის წევრები ისრაელში ცხოვრობენ და საქართველოს მთავრობას მიმართავენ თხოვნით, სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გარეშე საქართველოში ჩამოსვლის ნება დართონ, რათა მათ დაკრძალვაზე დასწრება შეძლონ.

ხევსურეთის ადგილობრივი მცხოვრებნი ყვებიან, რომ დაშავებულთა ამოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ მათი უმეტესობა მიკროავტობუსის ქვეშ მოექცა და ვერაფერი შეძლეს. ავარიაში გადარჩა მხოლოდ სამი ქალი, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 

კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. წინასწარი ინფორმაციით, ხევსურეთის ტური ერთდღიანი იყო, სამგზავრო მიკროავტობუსი კი, რომელიც ხევში 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სავარაუდოდ, ტურისტულმა კომპანია Traveler-მა დაიქირავა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაასრულებს.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით დაეშვება სახელმწიფო დროშა მთელ საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

348
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1791)
დაკავება

მეტროსადგურ „დიდუბესთან“  სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის ერთი პირი დააკავეს

36
(განახლებულია 11:13 25.09.2020)
დაკავებულ პირს, რომელიც უკანონო საქმიანობას ეწეოდა, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს, იუწყება  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისის მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

უწყების ცნობით, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

36
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სასწრაფო დახმარება რუსთავში

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა

77
(განახლებულია 19:23 24.09.2020)
წინასწარი ინფორმაციით, მუშა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ამობრუნებულმა ამწემ ქვეშ მოიყოლა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში,  სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

სამშენებლო სამუშაოს შესრულებისას ამწე ამობრუნდა და, სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევარში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) სამუშაო ობიექტებზე დაიღუპა 84 და დაშავდა 270 მუშა.

77
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1791)
ბათუმი

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკული პაციენტია ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

0
(განახლებულია 12:21 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 43 – თბილისი, 27 – იმერეთი, 6–6 კახეთიდა სამეგრელო– ზემო სვანეთი, 4 სამცხე–ჯავახეთი, 3 – ქვემო ქართლი, 2 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე პაციენტია.  დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში