სასწრაფო დახმარება

საზარელი ავარია შატილში: ადგილზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

820
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს მახლობლად, შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულთა ძიება-ამოყვანის სამაშველო სამუშაოებს კოორდინირებას პირადად უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

დღეს საღამოს შატილის გზაზე საშინელი ავარია მოხდა - კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა. ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი მგზავრი მძიმედ დაშავდა. მიმდინარეობს ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება, აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე ასევე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
 

820
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილის დაღუპვის ადგილის თანამგზავრულ ფოტოებს დამოუკიდებელი ექსპერტები შეამოწმებენ

65
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე აპირებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას იმ ადგილის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ნამდვილობის დასადგენად, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სექტემბრის დასაწყისში წარმოადგინა თანამგზავრიდან გადაღებული სოფელ მაწევანთან მიმდებარედ იმ ადგილის რამდენიმე ფოტო, სადაც დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს.

როგორც რამიშვილი ამტკიცებს, ფოტოები გადაღებულია 19-22 ივლისს და მათზე ჩანს, რომ მანქანა იმ ადგილას არ დგას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოები ადვოკატს დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებისთვის მიწოდებული ფოტოები ფალსიფიცირებულია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია პირზე, რომელმაც მას აღნიშნულ ფოტოები გადასცა. მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ახმაურებს გამოძიება ინფორმაციას წყაროს შესახებ.

ფურცხვანიძემ პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნებს უნდობლობა გამოუცხადა და მას „არაკვალიფიციური“ უწოდა.

„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძიების შემდეგ საკუთარ მანქანაში თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ოჯახს ამის არ სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მკვლელობაა და უკავშირდება გოგონას სამუშაოს. მათი მტკიცებით, პროგრამისტს ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

გარდაცვლილი გოგონას დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალება უკავშირდება მთიანი ყარაბაღის ომის დროს იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას.

როგორც გაირკვა, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ უარი განაცხადა 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაში მონაწილეობაზე, როგორც ამას დაღუპულის ოჯახი ითხოვდა, და აღნიშნა, რომ საქმე მათ კომპეტენციას სცდება.

გამოძიება ბაჩალიაშვილის საქმეზე ორი მუხლით მიმდინარეობს: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

65
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
რეანიმაციის განყოფილება

ქუთაისში 20 წლის ბიჭი დაჭრეს: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

62
ახალგაზრდა რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ წუხელ დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იუწყება საქართველოს „პირველი არხი“.

ახალგაზრდა გუშინ რესტორან „პალადიუმის“ მიმდებარედ  დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მამაკაცი ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

„გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულ-მკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

62
თემები:
კრიმინალი საქართველოში
წინასაარჩევნო შეხვედრა პანდემიის დროს

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020