აღდგენითი სამუშაოები წყალდიდობის შემდეგ რაჭაში

რაჭის მერე ლენტეხი: რაიონის ხუთი სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა

95
(განახლებულია 16:30 21.08.2020)
ლენტეხის რაიონში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ლასკადურამ დაანგრია გზები, დააზიანა სამი ხიდი, ხუთ სოფლამდე მისვლა შეუძლებელია.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. უამინდობის გამო რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ხუთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა, იუწყება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია.

„21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი დილიდან სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფება. მისი თქმით, ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ლასკადურა და ხიდი წაიღო, დააზიანა სოფლებს შორის რამდენიმე გზა.

ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას. კოკისპირული წვიმა ახლაც გრძელდება, აღნიშნულია განცხადებაში.

სინოპტიკოსები 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ და მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ გვაფრთხილებენ.

95
თემები:
უამინდობა საქართველოში (292)
მცხეთის რაიონული სასამართლო

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

78
პროკურორის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ შაქარაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებს გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმეთა განხილვის გადადების რეკომენდაცია მისცა, მოსამართლემ კიდევ ერთი დღე დაამატა და მას „ამ საქმის სწრაფად დახურვა სურს“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე კი, თავის მხრივ, ბრალდებულთა საქციელს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში არანაირი „პოლიტიკური მოტივი“ არ არსებობს.

„წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის შემდგომი არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინაშე 100-ზე მეტი მოწმე უნდა წარდგეს.

78
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
ხელბორკილი

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი შსს-ს თანამშრომელმა დააყაჩაღა

118
(განახლებულია 12:18 04.12.2020)
ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

118
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ადამიანები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოავლინა

0
შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში