გიორგი შაქარაშვილი

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მასმედიაში ახალი ჩვენებები გამოჩნდა: პროკურორის რეაქცია

155
(განახლებულია 15:53 21.08.2020)
პროკურატურა იკვლევს საქმის მასალების გავრცელებაში დამნაშავეთა ვინაობას, რათა მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი სანქციები გამოიყენოს.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. იმ პირთა ქმედებებს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მთავარი მოწმის რიგით მეხუთე ჩვენების გასაჯაროების უკან დგანან, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

პროკურორის თქმით, ამჟამად ამ პირთა ვინაობა დგინდება.

რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდზე 19 აგვისტოს გამოქვეყნდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენების ერთ-ერთი ოქმი.

ამირხანაშვილი ამ ჩვენებაში ამბობს, რომ მორაგბე არჩილ გაგნიძემ, რომელიც ერთ-ერთია, ვისაც ბრალი ედება შაქარაშვილის მკვლელობაში, დანარჩენ თანმხლებ პირებს მიუთითა, ის (ამირხანაშვილი) მანქანაში ჩაესვათ და თბილისში წაეყვანათ.

ამირხანაშვილი იხსენებს ასევე Toyota Camry-ში მსხდომთა დიალოგის დეტალებს. მისი სიტყვებით, არჩილ გაგნიძემ მას ჰკითხა, ისევე კარგად იცოდნენ თუ არა ცურვა, როგორც სირბილი.

მანამდე გაგნიძე დაინტერესდა, საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასე კარგად სირბილი, რაზეც გურამ ამირხანაშვილმა უპასუხა, რომ ის და გიორგი ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდნენ.

ამირხანაშვილმა გაიხსენა ასევე, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ის Toyota-ს მგზავრებმა იპოვეს, იგი მდევრებს ბუჩქებში 7-8 წუთის განმავლობაში ემალებოდა.

„ჩვენი მიზანია მოწმეებმა, რომლებიც გამოძიების მსვლელობისას დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიების და სხვა მოწმეთა ჩვენებების შესახებ. ეს გამოძიებას ხელს უშლის. ეს ადამიანები შემდეგ უკვე მომზადებული პოზიციებით მოდიან. ეს არ არის ჩვენს ინტერესებში და ადვოკატების გაფრთხილება (გაუთქმელობის შესახებ) სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.

ყაზარაშვილის თქმით, ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებას არ დაუმძიმებია ბრალი Toyota Camry-ში მსხდომი ხუთი ადამიანის მიმართ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენებები არ ეწინააღმდეგება საქმის მასალებს. როდესაც მოწმე იკითხება, ის სასამართლოს უხსნის, რა გახდა ჩვენებების შემცველი ინფორმაციის მიზეზი. მხოლოდ ჩვენებები ვერ იქნება ბრალის შემსუბუქების და განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამგვარად, ბრალდება არ დამძიმებულა მხოლოდ გურამ ამირხანაშვილის ჩვენებების საფუძველზე, ეს მოხდა მტკიცებულებების ერთობლიობის ხარჯზე, რომლებიც გამოძიების დროს იქნა მოპოვებული“, – აღნიშნა ყაზარაშვილმა.

შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად იყოფა: ჩხუბის ეპიზოდები მცხეთის აგარაკზე, ჩხუბის ეპიზოდები მცხეთა–თბილისის ტრასაზე და უშუალოდ ახალგაზრდის მკვლელობა. სულ საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

სასამართლო შაქარაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს>>

17 დაკავებულიდან მკვლელობის ბრალდება ხუთ მათგანს აქვს წაყენებული, მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ ჯერ სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი ის მდინარეში გადააგდეს, სადაც ეს უკანასკნელი დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში, მცხეთასთან ახლოს იპოვეს.

155
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (73)
შატილი

შატილის გზაზე საშინელ ავარიაში გადარჩენილები კლინიკას ტოვებენ

55
იმ კოშმარულ ავარიაში გადარჩენილებს მრავალრიცხოვანი ტრავმები ჰქონდათ, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მათ დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლეს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ხევსურეთში მომხდარ ავარიაში ერთ-ერთი დაშავებული გაეწერა, კიდევ ორი პაციენტი კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

23 აგვისტოს ხევსურეთის გაზე ავტოავარიის შედეგად საექსკურსიო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის მძღოლი და გიდი.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათ აღენიშნებოდათ მრავალრიცხოვანი ტრავმები, ისინი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, დამოუკიდებლად სუნთქვა მათ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეძლეს.

ავარიაში დაღუპულების უმრავლესობა 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. იმ საბედისწერო დღეს ისინი შატილში ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ. ავარიის მიზეზები შესწავლა დღემდე მიმდინარეობს.

55
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საკარანტინო ზონა

თელავის საკარანტინო სივრცეში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

89
(განახლებულია 17:23 26.09.2020)
რის გამო და რა ვითარებაში გარდაიცვალა მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თელავში, საკარანტინო სივრცეში 29 წლის ვინმე გ.გ. გარდაიცვალა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილია, რომ მამაკაცი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროში სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს.

29 წლის მამაკაცი სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ტელეკომპანია Rustavi2-ის ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მეტადონის პროგრამით სარგებლობდა. თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ მუხლით საქმე აღიძრება მაშინ, როდესაც ცხედარს არ აღენიშნება რაიმე ძალადობის კვალი და ადამიანი მარტო ყოფნისას გარდაიცვალა, თუმცა შემდგომში საქმის გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს.

89
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა