საპატრულო პოლიცია

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: ტარდება ახალი ექსპერიმენტი

153
(განახლებულია 13:43 21.08.2020)
ექსპერიმენტის დროს იმავე მარკის ავტომობილში, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, განისაზღვრება ტემპერატურა და ტენიანობა

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში, სადაც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს, გარდაცვალების მიზეზების დადგენის ფარგლებში საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს, განაცხადა საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

გოგონას ცხედარი მისივე ავტომობილში ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იპოვეს. გამოძიების ძირითადი ვერსიაა „თვითმკვლელობაა“, თუმცა ოჯახს ამის არ სჯერა.

„საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, – განუცხადა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს.

ექსპერტების წინასწარი მონაცემებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ არის, თვითონ ცხედარი კი აღმოჩენის მომენტში ძალიან გახრწნილი იყო. გოგონას ოჯახი ამტკიცებს, რომ ძებნის პერიოდში გოგონა სხვა ადგილას იმყოფებოდა და იქ, სადაც ის აღმოაჩინეს, მისი ავტომობილი ევაკუატორით გადაიყვანეს.

ბოლო დროს ოჯახს საქმესთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდება, მათ დნმ-ის ანალიზის აღება მოითხოვეს, რათა დადგინდეს, იყო თუ არა გარდაცვლილი მათი ქალიშვილი.

„მშობლები ითხოვდნენ დნმ-ის აღებას და შემოწმებას, თუ რამდენად იყო ცხედარი მათი შვილის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, მშობლებს უკვე აუღეს სინჯები, რომლებსაც აღმოჩენილი გოგონას დნმ-ს შეადარებენ.

ასევე ადვოკატებს გადაეცათ ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა დახმარებით გოგონას გადაადგილებას დაადგენენ.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა ინტერნეტში თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

153
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (130)
ნადირობა

საქართველოში  უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

29
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი-230  შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230  შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სამი ფაქტი დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-18, აჭარასა და გურიაში-14, სამეგრელო -ზემო სვანეთში-7. ქვემო ქართლში-6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემოწმების დროს 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. გარდა ამისა, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მყისიერად მოხდეს კანონდარღვევაზე რეაგირება.

საქართველოში ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

29
თემები:
ჩვენ და ბუნება
დაკავება

მეტროსადგურ „დიდუბესთან“  სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისთვის ერთი პირი დააკავეს

40
(განახლებულია 11:13 25.09.2020)
დაკავებულ პირს, რომელიც უკანონო საქმიანობას ეწეოდა, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე  ერთი პირი ამხილეს, იუწყება  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს თბილისის მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები.

უწყების ცნობით, ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი სათამაშო აპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

40
თემები:
კრიმინალი საქართველოში
წიგნის ფესტივალი

წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში გაიხსნა

0
(განახლებულია 13:49 25.09.2020)
თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ტარდება.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში თბილისის წიგნის  XXII საერთაშორისო  ფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიხსნა.

ადრე წიგნის კვირეულის ორგანიზატორებს ყოველწლიური ღონისძიების შერეულ ფორმატში  ჩატარების იმედი ჰქონდათ. თუმცა, პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისა  და ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, მათ ფესტივალის მთლიანად ვირტუალურ სივრცეში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ფესტივალზე თვალის მიდევნება, რომელიც დღეს გაიხსნა და 27 სექტემბერს დასრულდება, ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ღონისძიების პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის, ლაშა ბუღაძისა და ანდრეას ფლურაკისის პიესების კრებული „სამი მედეა“. ასევე შედგება  არჩილ ქიქოძის წიგნის  „ნორვეგიული დღიური“ პრეზენტაცია, ხოლო პროექტ „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში  – ახალი გამომცემლობების წარდგენა და სხვა.

ფესტივალის პროგრამაშია  –ახალი წიგნების პრეზენტაცია და ქართველ მწერლებთან შეხვედრები, უცხოელ ავტორებთან ვიდეოკონფერენციები, საბავშვო პროგრამა და სხვა.

თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და მწერალთა სახლის მხარდაჭერით ტარდება.

0