შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა თვითმკვლელობით იმუქრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა, მათგან ხუთს ბრალი მკვლელობაში წარედგინა, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ოჯახის რამდენიმე წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პირველი სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობას იწყებს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. მათგან შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალი ხუთს წარედგინა, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს.

გავრცელებული ინფორმაციით, შიმშილობს თავად არასრულწლოვანი ბრალდებულიც. მისი ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე მასმედიასთან საუბრის უფლება მიეცეს, გამოიცვალოს ბრალმდებელი პროკურორი და მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

ბრალდებულის მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დღეიდან შიმშილობის აქციას სხვა ბრალდებულთა მშობლებიც შეუერთდებიან. ორ დღეში კი, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თავად ის ჯერ სამი დღით მშრალ შიმშილობაზე გადასვლას, შემდეგ კი სუიციდს გეგმავს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: პროკურატურა მზადაა სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინოს

„სამი დღე ვიშიმშილებთ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ, მომდევნო სამი დღის შემდეგ კი სუიციდს ჩავიდენ. მოვითხოვ ჩემმა შვილმა და ყველამ, ასევე „ტოიოტა ქამრის" მძღოლმა გაიაროს სიცრუის დეტექტორი. ვითხოვ ამირხანაშვილმაც (შაქარაშვილის მეგობარი და მთავარი მოწმე) გაიაროს სიცრუის დეტექტორი, იქნებ ის იტყუება", – განაცხადა ხომასურიძემ.

ამ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, 12 პირი ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით გამოძიების საქმის ფიგურანტია.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მონაწილე ხუთმა ბრალდებულმა დევნისას შაქარაშვილი აიძულა მდინარე არაგვის ნაპირთან ჩასულიყო, სადაც ის თავდამსხმელთა შორის მოექცა. შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალი, მდინარეში გადააგდეს, სადაც მისი ცხედარი ძებნიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვეს.

გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველ ადვოკატებს მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობის დოკუმენტზე ხელი მოაწერინა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 27 აგვისტოს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0